პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.
მთავრობის მეთაურმა ეროვნულ დღე მიულოცა ყველას, ვისთვისაც დღევანდელი დღე და სამშობლოს თავისუფლება ეროვნულ სიამაყესთან, პირად ღირსებასთან და ბედნიერებასთან ასოცირდება.
"მივესალმები ქალბატონ პრეზიდენტს, ბატონ პარლამენტის თავმჯდომარეს, მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, სასამართლოების თავმჯდომარეებს, საპატრიარქოს წარმომადგენლებს, მეუფე შიოს, ჩვენს პატივცემულ ელჩებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მივესალმები ჩვენს ხალხს და ჩვენს საამაყო ჯარს. ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს.
დღეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქენი საქართველოში თუ მის საზღვრებს გარეთ, ჩვენს ნამდვილ მეგობრებთან, პარტნიორებთან ერთად, ჩვენი ისტორიის სრულიად განსაკუთრებულ, თითოეული ჩვენგანისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას ვზეიმობთ - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. 105 წელი შესრულდა იმ დღიდან, როდესაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლებამ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
უმთავრეს ეროვნულ დღეს ვულოცავ ყველას, ვისთვისაც დღევანდელი დღე და სამშობლოს თავისუფლება ეროვნულ სიამაყესთან, პირად ღირსებასთან და ბედნიერებასთან ასოცირდება.
განსაკუთრებული სითბოთი ვულოცავ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს ძმებსა და დებს, ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს.
განსაკუთრებით გილოცავთ ჩვენო საამაყო წვევამდელებო, ვინც ამ განსაკუთრებულ დღეს დადეთ სამშობლოს ერთგულების ფიცი;
მე ასევე მადლიერების გრძნობით ვულოცავ ჩვენს უცხოელ მეგობრებს, სტრატეგიულ პარტნიორებს, ვინც დღეს ჩვენთან ერთად ზეიმობს დამოუკიდებლობის დღეს. მათი თანადგომა ჩვენთვის ფასდაუდებელია.
ძვირფასო მეგობრებო, დღეს სიამაყით ვიხსენებთ ყველას, ვინც თაობიდან თაობას გადასცემდა თავისუფლების სიყვარულს; კიდევ ერთხელ ქედს ვიხრით მათი ნათელი ხსოვნის წინაშე, ვინც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოსთვის გაიღო მსხვერპლად", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.