საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრეზიდენტის გამოსვლისას დამსწრე საზოგადოებიდან რეპლიკები გაისმა. როგორც აღმოჩნდა, კომენტარების ავტორი პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილია. მან არ უარყო, რომ პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას ხმამაღლა გააკეთა კომენტარი, თუმცა აღნიშნა, რომ სიტყვა "მოღალატე" არ გამოუყენებია.
"სიტყვა "მოღალატე" არ თქმულა. მე არ მითქვამს ეს სიტყვა და არც გამიგია. მე გავაპროტესტე, მაგრამ ეს სიტყვა არ მითქვამს. მხოლოდ მაშინ გავაკეთებ პრეზიდენტის სიტყვაზე კომენტარს, როცა მისი სიტყვა რაიმენაირად პოზიტიური იქნება საქართველოს მიმართ," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმაც და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის გზავნილებს არ იზიარებს.
"პატივს ვცემ როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტს, თუმცა მის გზავნილებს დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ვერც გავიზიარებ და ვერც დავეთანხმები, გამომდინარე იქიდან, რომ არ მაქვს სურვილი ამ ქვეყანაში პრეზიდენტის ინსტიტუტი იქცეს ამ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ინსტიტუტად,"- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.