რაც შეეხება ჩვენს ევროპულ მომავალს, ამის თაობაზე და საგარეო პოლიტიკაზე მინდა რამდენიმე სიტყვით მოგმართოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, თუ ვინმემ, ბოლო 30 წელიწადში, რაიმე გააკეთა, რომელიმე ხელისუფლებამ რაიმე გააკეთა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი წინაპრების ოცნების რეალობად ქცევის საქმეში და პრემიერის თქმით, ის გულისხმობს ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, ეს არის „ქართული ოცნება“.
„ეს არის ჩვენი ხელისუფლება, მეგობრებო და რატომ, აქაც გეტყვით ფაქტებით მხოლოდ. თქვენ იცით ასოცირებული ტრიო, გსმენიათ ამის თაობაზე, უკრაინა, მოლდოვა. მანამდე იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები, სადაც სხვა ქვეყნებიც შედიოდნენ და ბოლოს გამოეყო ეს ჯგუფი, სამი ქვეყანა, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა. გუშინაც, დღესაც, მჯერა ხვალაც, საქართველო იყო მოწინავე ადგილებზე და იქნება მოწინავე ადგილებზე ამ ასოცირებული ტრიოს ფარგლებში. მე არ მინდა ვინმეს შევედარო, მაგრამ მინდა ფაქტებზე გესაუბროთ. ჩვენი ორი, სამი თავით წინ ვართ, ვიდრე არის მოლდოვა და უკრაინა. სხვათა შორის, მოლდოვა არის დსთ-ს წევრი ქვეყანა. დიდი ხანია აქვს უვიზო რეჟიმი რუსეთთან, არც ეკონომიკური სანქციები არ დაუწესებია რუსეთისთვის და არავინ კრიტიკულ სიტყვას არ ეუბნება და მე ეს მიხარია, მე მხოლოდ მიხარია. მინდა ყველას წარმატება ვუსურვო, მოლდოვასაც, უკრაინასაც, მთელს ევროპას, მთელს მსოფლიოს და .ა.შ. თუ ვინმემ რაიმე გააკეთა, მე ამის თაობაზე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო და ფაქტებს მოვიყვან, ეს არის „ქართული ოცნება“. ჩვენ დავიწყეთ ასოცირების, ასე ვთქვათ, შეთანხმებაზე მუშაობა 2012 წელს, მაშინ, როდესაც მოვედით ხელისუფლებაში, 2012 წლის ბოლოს უკვე, ნოემბერში, ოქტომბერში. მანამდე 3 წელი იყო დაგვიანებული და 3 წლის დაგვიანებით დაიწყო წინა ხელისუფლებამ, მათ თუ რეალურად უნდოდათ ქვეყნის ევროინტეგრაცია და ქვეყნის ევროპეიზაცია, მაშინ კითხვას ვსვამ, რატომ დაიწყეს 3 წლის დაგვიანებით ეს პროცესი, როდესაც იგივე მოლდოვას, უკრაინას, უკვე დაწყებული ჰქონდა მუშაობა. მეორე კითხვა მინდა დავსვა, რატომ დაიწყო წინა ხელისუფლებამ და პასუხი მოსთხოვეთ, აქ არიან ალბათ მათივე მედიის წარმომადგენლები, კითხვები დაუსვით, რატომ დაიწყო იგივე უვიზო რეჟიმზე მუშაობა 2-3 წლის დაგვიანებით. ეს ფაქტებია, იგივე თავისუფალი ვაჭრობა. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ ყოფილი ხელისუფლება გამოდიოდა, ამბობდა, რომ მათი მიზანი იყო ქვეყნის სინგაპურიზაცია. დავიწყებული გექნებოდათ დღეს ყოველგვარი ევროპა. დღეს ქვეყანა აღარ გვექნებოდა, ეს ცალკე საკითხია. ქვეყანა იქნებოდა ომში ჩართული.
ასევე მინდა გითხრათ შემდეგი. მახსოვს ძალიან კარგად, 2013 წლის თებერვალი იქნებოდა, როდესაც მე ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი და მაშინდელი ევროკომისარი ქალბატონი სესილია მალმსტრომი ჩამოვიდა, მან პირადად გადმომცა, შეხვედრა გვქონდა ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, შემდეგ ჩემთან და ოფიციალურად გადმომცა ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, იმიტომ, რომ მაშინ შინაგანს ჰქონდა ძირითადი თავი შესასრულებელი, ვალდებულების დაახლოებით 70% მოდიოდა შინაგან საქმეთა სამინისტროზე. დავიწყეთ აქტიური მუშაობა, მე მხვდა პატივი წილად, რომ ხელი მომეწერა უკვე ერთ წელიწადში ასოცირების შეთანხმებაზე და ქვეყანა დაადგა რეალურად ევროპეიზაციის გზას, განვითარების გზას. შედეგად ჩვენ მივიღეთ უვიზო რეჟიმი ევროპასთან. მახსოვს, 2015 წლის 17 დეკემბერი იქნებოდა, საბოლოოდ დაიხურა, ევროპამ გვითხრა, რომ თქვენ პირნათლად შეასრულეთ ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა და ქვეყანა მიიღებს უვიზო რეჟიმს. დღეს ჩვენი მოქალაქეები მარტივად, ყოველგვარი ბარიერის გარეშე ღირსეულად გადაადგილდებიან ევროპაში.
რა იყო წინა ხელისუფლების დროს, მე ძალიან კარგად მახსოვს, ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი. ვსწავლობდი საფრანგეთში, სორბონის უნივერსიტეტში, შემდეგ დავბრუნდი, მინდოდა ჩემი მეუღლის წაყვანა, ჩვენ დავქორწინდით, მინდოდა ჩემი მეუღლის წაყვანა საფრანგეთში, მაგრამ ვერ წავიყვანე, რატომ, მაშინ არ ვიცი, აქ ახალი მომხდარი იყო რევოლუცია, არასტაბილური სიტუაცია იყო და ქართველებს უარს ეუბნებოდნენ ვიზების მიცემაზე. ეს ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი. მე ვერ მოვახერხე ჩემი მეუღლის წაყვანა ევროპაში ვიზის გამო. რამდენიმე წელიწადში, მაშინდელი ეს ოცნება ვაქციეთ ჩვენ რეალობად. დღეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები დადიან, გადაადგილდებიან უვიზოდ. ეს ვისი დამსახურებაა მეგობრებო, ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე უნდა ითქვას, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ დამსახურება, ვინც ეს ყველაფერი განახორციელა“, - განაცხადა პრემიერმა.