"უკიდურესი არაობიექტურობა და პოლიტიკური მიკერძოება რადიკალური ოპოზიციური ძალების დღის წესრიგის სასარგებლოდ" - ასე დაინახა "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის ბოლოდროინდელი პოზიციები. მიუხედავად ამისა, სახელისუფლებო ძალამ პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო და პრეზიდენტის კრიტიკისგან თავს ინსტიტუციის პატივისცემის ნიშნად იკავებს.
"ქართული ოცნების" პოზიცია, საჯარო, პარტიის პოლიტიკური საბჭოს განცხადებით გახდა ცნობილი. ტექსტში ვკითხულობთ, რომ "ოცნება" დაიცავს პრეზიდენტის ინსტიტუტს მაშინაც, როცა მის პრესტიჟს საფრთხეს თავად პრეზიდენტი უქმნის. მმართველი პარტია იმედს იტოვებს, რომ სალომე ზურაბიშვილი, მისი განცხადებებით, საზოგადოებასთან უფრო მძაფრ კონფრონტაციაში არ შევა და ამის თავიდან აცილების მიზნით მას მაქსიმალურ დახმარებას სთავაზობს.
მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებას სალომე ზურაბიშვილი დღეს არ გამოხმაურებია. მედიასთან მისმა საპარლამენტო მდივანმა ისაუბრა. გიორგი მსხილაძის თქმით, მსგავსი განცხადებებით პრეზიდენტზე ზემოქმედება ვერ მოხდება.
პრეზიდენტს ზეპარტიული როლის შენარჩუნების აუცილებლობა დღეს რამდენჯერმე შეახსენეს. მმართველი პარტიისთვის, სალომე ზურაბიშვილის პოზიციები, საზოგადოების გაყოფისკენ მიმართული უფროა, ვიდრე პირიქით. "ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ დაინტერესებული ძალები სალომე ზურაბიშვილის ესკალაციისთვის და პოლიტიკური დაძაბულობისთვის გამოყენებას ცდილობენ.
"პოლიტიკური ბულინგი" და "შანტაჟი" - ასე აღიქვეს "ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადება ხელისუფლების ოპონენტებმა. ოპოზიციაში არ მალავენ, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები ხშირად მათ პოზიციებთან თანხვედრაშია, თუმცა ისურვებდნენ, რომ პრეზიდენტის საჯაროდ ნათქვამი მის გადაწყვეტილებებზე აისახოს.
ოპოზიციის განცხადებები საპარლამენტო უმრავლესობისთვის საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენის მცდელობაა. უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტის აღქმები რეალობას აცდენილია.
პრეზიდენტსა და მმართველ ძალას შორის განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, "ოცნება" სალომე ზურაბიშვილთან პოლემიკაში შესვლაზე უარს ამბობს, მთავარ მიზეზად კი ქვეყნის ინტერესს ასახელებენ.