"ნუ აყენებენ საზოგადოებას შეურაცხყოფას. ეგ ხალხი არ არიან ოპოზიციონერები, ეგენი არიან ოპოზიციის ოპოზიცია" - ასე პასუხობს ლევან ხაბეიშვილი ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკას შიდაპარტიულ არჩევნებთან დაკავშირებით.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიას გუნდი ოპოზიციის ოპოზიციად მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ყოფილმა მოქმედს შიდა დემოკრატია დაუწუნა და პარტიის მიტაცებაში დაადანაშაულა. გუნდის ფორმირების შემდეგ, ხაბეიშვილმა პოლიტსაბჭოს პირველი გასვლითი სხდომა ყვარელში, მიხეილ სააკაშვილის მამულში გამართა; რეგიონული ორგანიზაციების ახალი თავმჯდომარეები წარადგინა და პარტიის საგანგებო რეჟიმზე გადასვლაც დააანონსა.
ყვარელში ჩანიშნული პოლიტსაბჭოს შესახებ არაფერი იცოდნენ ნიკა მელიას გუნდში. ყოფილი თავმჯდომარის თანამოაზრეები ფიქრობენ, რომ არადემოკრატიული გზით დაკომპლექტებული პოლიტსაბჭო და უკონკურენტო არჩევნები ხაბეიშვილის ავანტიურის ნაწილია.
სააკაშვილის მამულში გამართულ პოლიტსაბჭოზე, სააკაშვილის თავისუფლებაზეც ისაუბრეს. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ყოფილი პრეზიდენტის ციხიდან დასახსნელად და პოლიტიკაში დასაბრუნებლად, განსაკუთრებულ რეჟიმზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო. გეგმის მიხედვით, პარტია აქციებს, რეგიონულ კონფერენციებსა და შეხვედრებს გამართავს.
ექსპრეზიდენტის საკითხის გააქტიურება, მმართველი გუნდის შეფასებით, ხანმოკლე პოლიტიკური გზავნილია. საპარლამენტო უმრავლესობის თქმით, სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან არასდროს წასულა, მისი პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა კი ქვეყნისთვის მხოლოდ საზიანო იყო.
ყვარლის მამულში "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭო 2 საათი გაგრძელდა. შეკრებას 84 წევრი ესწრებოდა, თუმცა არავინ ნიკა მელიას ფლანგიდან. ყოფილი თავმჯდომარის გუნდმა, ახალი მენეჯმენტის შიდაპარტიული გადაწყვეტილებების გამო, პოლიტსაბჭო პროტესტის ნიშნად დატოვა.
ავტორი: ანა ბუავა