"ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ზარქუა პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით, ოპოზიციონერი დეპუტატების რომან გოცირიძისა და ხატია დეკანოიძის საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერას გამოეხმაურა, ზარქუამ გოცირიძეს "ტყვეობიდან დახსნა" მიულოცა.
"ჩვენ ამ თემაზე ბევრჯერ გვიკამათია. ახლა უმრავლესობის გვერდით დგომით თქვენც და სხვებსაც, ვინც იქ ტყვეობაში არიან, შესაძლებლობა მოგეცათ გამოხვიდეთ და თამამად და ობიექტურად ილაპარაკოთ - თეთრზე თეთრი თქვათ, შავზე - შავი და არ ჰქონდეთ ჩემი ხაბეს და კეზერას რიდი, სიმართლე ვთქვათ თუ არა," - განაცხადა ირაკლი ზარქუამ რომან გოცირიძის მისამართით.
ცნობისთვის, პარლამენტმა პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატების, რომან გოცირიძისა და ხატია დეკანოიძის საკანონმდებლო ინიციატივას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. რეგლამენტში ცვლილებებს პლენარულ სხდომაზე კენჭი ცოტა ხნის წინ უყარეს - რეგისტრაცია გიარა 119-მა დეპუტატმა, ცვლილებებს მხარი დაუჭირა 91-მა, წინააღმდეგი არცერთი იყო. საუბარია ცვლილებებზე, რომლის მიღებითაც, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობიდან" გასული დეპუტატები პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ. შედეგად, ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე პარლამენტში ახალ ჯგუფს ქმნიან. ხელმძღვანელი რომან გოცირიძე იქნება და ჯგუფს "ევრო-ოპტიმისტები" ერქმევა.
პროექტი, ინიციატორებს და ყოფილ კოლეგებს შორის ურთიერთბრალდებების საგანი გახდა.