პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნების დემარშის შინაარსი, რომელიც რუსეთ-საქართველოს ფრენების აღდგენას ეხებოდა, ფაქტობრივად, საქართველოსთვის სანქციების დაწესებისკენ მოწოდება იყო.
მისივე განცხადებით, როდესაც რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ორი რეგიონი და მისი უსაფრთხოება აბსოლუტურად დაუცველია, წარმოუდგენელია მისგან მოითხოვო იგივე ნაბიჯები, რასაც დგამენ ნატოსა თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნები.
"დემარში ვერ გახდება ხელისშემშლელი ფაქტორი, ეს არის ერთგვარი დიპლომატიური ჟესტი, რომ გაგვაცნეს 27 წევრი ქვეყნის პოზიცია, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია დემარშის შინაარსი. ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ ჩვენს პარტნიორებთან და ძალიან ხშირად მსმენია, რომ თქვენ არავინ არ გთხოვთ სანქციების დაწესებას და ამაზე არ არის საუბარი, თუმცა დემარშის შინაარსით თუ ვიმსჯელებთ, ზუსტად ასე გამოდის, რომ ჩვენ გვთხოვენ სანქციების დაწესებას. აქ დგას ის მომენტი, როდესაც უნდა დავსვათ კითხვა - ესმით კარგად ჩვენს პარტნიორებს ის განსაკუთრებული მდგომარეობა, ხაზს ვუსვამ ამას, რადგან ასეთი მდგომარეობა, რაც აქვს საქართველოს, არცერთ ევროპულ ქვეყანას არ აქვს. საქართველო არ არის ნატოსა და ევროკავშირის წევრი, საქართველოს ჰყავს მეზობელი რუსეთი და მეზობელ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ორი რეგიონი და მეზობელი რუსეთის სამხედრო ძალები დგანან საქართველოს ტერიტორიაზე.
ასეთ ვითარებაში, ჩვენი მოქმედების სივრცე, რა თქმა უნდა, ძალიან შეზღუდულია. მე პირადად დარწმუნებული ვარ, საქართველოს ბევრ სხვა მოქალაქესაც, სტრატეგიული პარტნიორისგან მაქვს მოლოდინი, რომ ის ამ ჩემს მდგომარეობას კარგად აცნობიერებს, რომ ჩემი პოზიციის უკან, რომ მე არ ვაწესებ რუსეთთან სანქციებს, დგას ობიექტური მიზეზები, იმიტომ კი არა რომ მე პუტინი მომწონს და ვგიჟდები რუსეთზე, არამედ იმიტომ, რომ მე ამისი ობიექტური მიზეზები მაქვს და როდესაც ჩვენ საქართველოს ვთხოვთ ამ პირობებში, როდესაც აბსოლუტურად დაუცველია საქართველოს უსაფრთხოება, ამ ვითარებაში საქართველოს მოვთხოვოთ იმოქმედოს იმგვარად, როგორც მოქმედებენ ისეთი კოლექტიური ორგანიზაციის წევრები, როგორიცაა ნატო და ევროკავშირი, წარმოუდგენელია. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ვხედავთ,რომ ნატოს წევრი ზოგიერთი ქვეყანაც კი არ დგამს ამ ნაბიჯებს და არ უერთდება სანქციებს, მაგრამ ძალიან გამოკვეთილი პოზიცია აქვს საქართველოს, რაც აჩვენებს ჩვენს დამოკიდებულებას ევროპული და დასავლური სტრუქტურების მიმართ. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო არ იქნას გამოყენებული სანქციების თავიდან ასარიდებლად,"-