04 მაისი 2024,   07:56
ვრცლად
საოკუპაციო ძალა უკრაინის ტერორს განაგრძობს - თითქმის მთელი ღამის განმავლობაში, ქვეყნის ყველა ოლქში განგაში იყო გამოცხადებული

უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით საოკუპაციო ძალა უკრაინის ტერორს განაგრძობს. თითქმის მთელი ღამის განმავლობაში, ქვეყნის ყველა ოლქში განგაში იყო გამოცხადებული. აგრესორის იერიშს ჟიტომირში 1 მშვიდობიანი ემსხვერპლა, მძიმედ დაშავდა - 8. დაზიანდა საწარმო და კომერციული ობიექტები.

სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო რუსული არმიის სამიზნე ჩერკასშიც. ოფიციალური კიევის ინფორმაციით, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ამბულატორია, ელექტროგადამცემი ხაზები და გაზსადენი. შეტევის შედეგად 16 ადამიანია ჰოსპიტალიზებული. 2 მშვიდობიანი დაიღუპა ზაპოროჟიეში, საავადმყოფოზე განხორციელებული შტურმის შემდეგ.

შეტევა გრძელდება ხერსონზე. ოლქზე, რომელიც წყალდიდობამ ყველაზე მეტად აზარალა. რუსული რაკეტების აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა დაშავდა 17.

აფეთქებების ხმა ისმოდა გვიან ღამით ოკუპირებულ ბერდიანსკში. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა შეიარაღებით უტევდნენ საოკუპაციო ძალის პოზიციებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავდა 3 მშვიდობიანი.

უპილოტო საფრენი აპარატი აფეთქდა რუსეთის ქალაქ ვორონეჟში. დრონი საცხოვრებელ კორპუსთან შეჯახების შედეგად განადგურდა. დაშავდა 2 ადგილობრივი. პასუხისმგებლობა მომხდართან დაკავშირებით, ჯერჯერობით არც უკრაინულ მხარეს, და არც პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ რუს პარტიზანებს აუღიათ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ტრადიციულ ბრიფინგზე დღეს მხოლოდ ფრონტის ხაზზე მიმდინარე სიტუაცია მიმოიხილეს. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში 1000-ზე მეტი ოკუპანტია ლიკვიდირებული - განადგურებულია აგრესორის მძიმე ტექნიკა.

ბრიფინგი იყო დღეს უკრაინის უშიშროების სამსახურშიც. უწყებაში ამბობენ, რომ საოკუპაციო ძალის წარმომადგენელთა ფარული სატელეფონო ჩანაწერი მოიპოვეს, რომელიც, რუსული არმიის მიერ კახოვკის ჰესის აფეთქებას ადასტურებს.

სტიქიის ზონაში კი ევაკუაცია დასრულებულია. უსაფრთხო ზონაში 2400 ადამიანია გადანაწილებული. მათ შორის 120 ბავშვი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დეოკუპირებულ ზონაში დაიღუპა 5 ადამიანი, 13 დაკარგულად ითვლება. ხერსონში წყლის დონემ დღეს საგრძნობლად დაიწია, მაგრამ, შესაბამისი სამსახურები რუსული არმიის იერიშის გამო გაწმენდით სამუშაოებს ვერ იწყებენ. დასუფთავებას საჭიროებს ოდესის სანაპიროც, რომელიც სტიქიის ზონიდან ჩამორეცხილი მასალით,ავეჯით, ტექნიკით და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურდა.

 

 

 

 

 

დღის ამბები