04 მაისი 2024,   09:44
ვრცლად
ნიკა მელია "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების ყოფილ ჩინოვნიკებს პარტიის არაფორმალურ მმართველობაში ადანაშაულებს - რას პასუხობენ მელიას ხაბეიშვილის მომხრეები

”ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე მოქმედის ქმედებებისა და გადაწყვეტილებების მიღმა, კვლავ ყოფილი ძალოვნების ხელს ხედავს. ნიკა მელიამ "ღამის კურიერის" ეთერში კიდევ ერთხელ თქვა, რომ პარტიის ორად გახლეჩა სწორედ მერაბიშვილისა და კეზერაშვილის ფაქტორმა გამოიწვია. მელია მათ პარტიის არაფორმალურ მმართველობაშიც ადანაშაულებს და ამბობს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების პოლიტიკაში დაბრუნება ”ნაციონალური მოძრაობისთვის” წარუმატებლობის ფორმულა იქნება.

ბრალდებებს ჩრდილოვანი მმართველობის შესახებ, ”ნაციონალური მოძრაობის” ახალი მენეჯმენტი უარყოფს. ფრაქციის თავმჯდომარისთვის გაუგებარია რას ემსახურება ნიკა მელიას განცხადებები. თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ მსგავსი პოზიციონირება პარტიისთვის საზიანოა.

ახალი მენეჯმენტის უარყოფის მიუხედავად, ნიკა მელიას თანამოაზრეები პარტიაში არსებულ დაპირისპირებასა და განხეთქილებას სწორედ კეზერაშვილ/მერაბიშვილს უკავშირებენ. მიუხედავად იმისა, ”ნაციონალური მოძრაობის” დატოვებას ჯერ არ აპირებენ და მეტიც, ამბობენ, რომ შეეცდებიან პარტიაში დემოკრატიული პროცესები დააბრუნონ. პარტიულ საქმიანობაში ჩართვისკენ ყოფილ თავმჯდომარესა და მის გუნდს ახალი თავმჯდომარის მომხრეებიც მოუწოდებენ.

"ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესების შეფასება პარტიის ყოფილ წევრებს აღარ სურთ. ხატია დეკანოიძე ამბობს მხოლოდ ერთს, რომ სწორედ იმ პრობლემებმა, რომელზეც თუნდაც ნიკა მელია საუბრობს, გადააწყვეტინა პარტიის დატოვება. ყოფილი წევრებისგან განსხვავებით შეფასებებს აკეთებენ სხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები. თაკო ჩარკვიანი ნიკა მელიას პარტიის დაზიანებაში ადანაშაულებს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესები დღეს მმართველმა პარტიამაც შეაფასა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მსგავსი განხეთქილება ოპოზიციური პარტიის რეიტინგის ვარდნას გამოიწვევს, რაც მათი თქმით, პოლიტიკურ პროცესებს გააჯანსაღებს

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე პარტიაში არსებულ პრობლემებსა და ჩრდილოვან მმართველობაზე საუბრობს. როგორც ნიკა მელია ამბობს, ის რჩება გუნდის წევრად და ბრძოლას შიგნიდან განაგრძობს.

 

 

დღის ამბები