03 მაისი 2024,   12:43
ვრცლად
მაღაროელების პროტესტი - "ჯორჯიან მანგანეზი" დასაქმებულებს ჭიათურის საწარმოებში შექმნილი კრიზისული ვითარების დაძლევის გეგმას სთავაზობს

"ჯორჯიან მანგანეზი" დასაქმებულებს ჭიათურის საწარმოებში შექმნილი კრიზისული ვითარების დაძლევის გეგმას სთავაზობს და პარალელურად საწარმოო პროცესის აღდგენას ცდილობს. დღეს, კომპანიის მენეჯმენტი ჭიათურაში თანამშრომლებს შეხვდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელობა დასაქმებულებს კონსტრუქციული დიალოგისა და შეთანხმებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

ჭიათურაში შექმნილი ფინანსური კრიზისის მოსაგვარებლად, "ჯორჯიან მანგანეზმა" თანამშრომლებს ახალ სამუშაო გეგმაზე გადასვლა შესთავაზა. აქცენტი კეთდება ახალი ტექნოლოგიებით წარმოებულ სამუშაო პროცესის მნიშვნელობაზე. დასაქმებულთა ნაწილი მოლაპარაკების და წარმოების განახლების მომხრეა.

მაღაროელთა ის ნაწილი, რომელიც "ჯორჯიან მანგანეზის" ყველა შეთავაზებაზე უარს ამბობს და თბილისში საპროტესტო აქცია-მსვლელობებს მართვას ამბობს, რომ მათთვის მთავარი ხელფასის 20 პროცენტით გაზრდაა.

"ჯორჯიან მანგანეზში" კი განმარტავენ, რომ ფინანსური კრიზისის მიუხედავად, კომპანია მზად არის მაღაროელებს ხელფასი 5%-ით გაუზარდოს, წარმოება განაახლოს და სახელფასო ვალდებულებები 100%-ით დაფაროს. კომპანიის ხელმძღვანელობა თანამშრომლებს, დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარებასაც სთავაზობს და მზად არის პარალელურად მაღაროელებთან ერთობლივი სამუშაო კომისია შექმნას, რომელიც მათ მოთხოვნებს და შრომის პირობებს შეისწავლის.

მიმდინარე წლის თებერვლიდან "ჯორჯიან მანგანეზის" ჭიათურის საწარმოები დახურულია. გლობალური კრიზისით გამოწვეული პრობლემების გამო ჭიათურაში მანგანუმის მადნის მოპოვება, გამდიდრება და სხვა მასთან დაკავშირებული საქმიანობა დროებით შეჩერებულია. პროდუქციაზე მოთხოვნა შემცირებულია, რაც ფასების მკვეთრ ვარდნას იწვევს. მიმდინარე წელს კომპანიას პროდუქციის ექსპორტი არ განუხორციელებია. კრიზისული ვითარების მიუხედავად, დასაქმებულებისთვის სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით, უკვე მეხუთე თვეა, კომპანია თანამშრომლებს ხელფასის 60%-ს უხდის.

დღის ამბები