04 მაისი 2024,   05:19
ვრცლად
უკრაინაში რუსული აგრესია არ წყდება - რამდენიმე რეგიონში ისევ ისმის აფეთქებების ხმა

რუსეთში არსებული შეიარაღებული ამბოხის ფონზე, აგრესორის დარტყმები არ წყდება უკრაინის მიწაზე. რამდენიმე რეგიონში ისევ ისმის აფეთქებების ხმა, ისევ დაიბომბა კიევი - არიან დაღუპულები და დაშავებულები.

რუსულმა ძალებმა რამდენიმე საათის წინ კიევში, კერძოდ "სოლომენსკის" რაიონში, საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. 24 სართულიანი შენობის მე-16 და მე-17 სართულები თითქმის სრულად არის განადგურებული. თავდასხმას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 10 დაშავდა. ისინი ახლა კლინიკებში არიან გადაყვანილი. 

კიევის პარალელურად, ოკუპანტებმა დაბომბეს ხერსონის ოლქიც, სადაც ახლა ჰესის აფეთქების შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. აფეთქებების ხმა მთელი ღამის განმავლობაში რამდენიმე რეგიონში ისმოდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ოკუპანტების თავდასხმებს 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 6 კი დაშავდა. 

საბრძოლო მოქმედებების პარალელურად უკრაინას ისევ ეხმარებიან დასავლელი მოკავშირეები, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გერმანია წლის ბოლომდე რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვითი ბრძოლისთვის უკრაინას კიდევ 45 საზენიტო ტანკ "გეპარდს" გადასცემს.

საბრძოლო მოქმედებები არ წყდება ქვეყნის აღმოსავლეთშიც. დონეცკი, ზაპოროჟიე, ხერსონი - უკრაინა ტერიტორიებს იცავს და ოკუპანტების შეტევებს რამდენიმე მიმართულებით კონტრ შეტევებით პასუხობს.

 

ავტორი: სანდრო კაჭახიძე 

 

 

დღის ამბები