სტიქიის შედეგებს სწავლობენ სამეგრელოში - დაზარალებულია ყველა მუნიციპალიტეტი. ამ დრომდე სენაკსა და ფოთის 32 000 აბონენტს არ მიეწოდება წყალი; ზუგდიდში, ხობსა და წალენჯიხაში ადგილობრივებს არ მიეწოდებათ ბუნებრივი აირი. შექმნილია საგანგებო შტატები.
ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების განცხადებებით, უპირველესი ამოცანა არის სწორედ ის, რომ უახლოეს დღეებში აღდგეს ეს მომსახურებები.
სენაკის სოფელ თეკლათში, რომელიც თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარე სოფელია, ათობით ოჯახია დაზარალებული. ისინი „კურიერთან“ ჰყვებიან, რომ მოვარდნილმა წყალმა და ადიდებულმა მდინარემ მათ სახლებში შეაღწია და ზოგი მათგანის სახლი იმდენად დააზიანა, რომ სახლებში ღამისთევაც შეუძლებელი გახდა.
ადგილობრივები ყვებიან, რომ დაზიანებულია ტექნიკა, გაფუჭებულია ავეჯი, დახოცილია შინაური ფრინველები და ცხოველები.
"5 წუთში წყალი მოვარდა. ქათმები დაიხრჩო, წიწილები დაიხრჩო, სიმინდი გაფუჭდა, სავარგული ყველა გაფუჭებულია. შარშან ივნისის 24-ში იყო, წელს ეს მდგომარეობაა, წელს კიდევ უფრო მაღალი იყო წყალი," - აცხადებენ ადგილობრივები.