"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" რეგიონულ გაფართოებას განაგრძობს. მოძრაობამ რიგით მე-9 ოფისი რუსთავში გახსნა.
ცენტრალურ პარკში გამართულ ღონისძიებაზე, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა, პარტიის ქვემო ქართლის წარმომადგენლად იაგო მაჩაბელი დასახელდა.
გამოსვლებში პარტიის ლიდერებმა ნეიტრალიტეტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათი განცხადებით, სწორედ ეს საგარეო კურსი უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და ეკონომიკურ განვითარებას:
"დღევანდელი შეხვედრაც და რეგიონებში გამართული სხვა ღონისძიებებიც ადასტურებს, რომ ხალხში, საზოგადოებაში არის მოთხოვნა და დაკვეთა ახალ პოლიტიკურ სისტემაზე საქართველოში. ყველას კარგად ესმის, რომ აგენტების რევანშის მუდმივი საფრთხის, მუდმივი რევოლუციური ვითარებების, შემოდგომა-გაზაფხულზე პარლამენტის შენობის გადაწვის მცდელობის პირობებში, ჩვენი ქვეყანა ვერ განვითარდება და ჩვენი ქვეყანა ვერ გამოიყენებს იმ მოცემულობას და შანსს, რომელიც შექმნა დღეს ახალმა მსოფლიო რეალობამ, ახალმა გეოპოლიტიკურმა ვითარებებმა. საქართველოს აქვს შანსი, რომ გადავიდეს განვითარების ახალ ეტაპზე, ამას სჭირდება შიდა პოლიტიკური სტაბილურობა, მდგრადი და მყარი მშვიდობა,"- აცხადებს აცხადებს "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი.
ლიდერებმა ასევე ხაზი გაუსვეს რუსთავისა და ზოგადად, ქვემო ქართლის ინდუსტრიულ და ლოგისტიკურ პოტენციალს:
"ჩვენ განსაკუთრებით ვაკეთებთ აქცენტს ქვემო ქართლზე, ვინაიდან "ნეიტრალური საქართველოს" ერთ-ერთი მთავარი შინაარსი არის ჩვენ მეზობლებთან, სამხრეთ კავკასიის მომიჯნავე ქვეყნებთან, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს საერთო საზღვარი ქვემო ქართლში და სადაც მათი დიასპორული წარმომადგენლობა ძალიან დიდია, მათ ინტერესს ძალიან კარგად ერგება "ნეიტრალური საქართველოს" კონცეფცია და ძალიან დიდი ინტერესით ხვდებიან ეს ადამიანები ამ ჩვენს ინიციატივას და ჩვენი პარტიის დაფუძნებას,"- აღნიშნავს პარტია "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" პოლიტიკური მდივი ბიძინა გიორგობიანი.