დაბა აბასთუმანში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. პროექტის ფარგლებში, ახალი გზის გაჭრით გამოწვეული გავლენის შემცირების მიზნით, დაიწყება მწვანე საფარის აღდგენის სამუშაოებიც. აბასთუმანში ინფრასტრუქტურის მინისტრი საკანონმდებლო ორგანოს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომდგენებთან ერთად იმყოფებოდა. განიხილეს მშენებლობის მიმდინარეობა და არსებული გამოწვევები. ძველ კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულებები შეწყდა, ახალმა კონტრაქტორმა კი სამუშაოები აქტიურად დაიწყო.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სამუშაოების დადგენილ ვადებში, სტანდარტების დაცვით შესრულების მნიშვნელობაზე.
"დავათვალიერეთ საგზაო ინფრასტრუქტურის კუთხით მიმდინარე სამუშაოები. აბასთუმნის შემოვლით გზაზე იყო გარკვეული შეფერხებები, პრობლემები. ჩვენ ორ კომპანიასთან გავწყვიტეთ ხელშეკრულება, რომელიც აწარმოებდა აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობას და დღეს უკვე ახალმა კომპანიამ მიიღო აღნიშნული დავალება. ჩვენ შეგვიძლია დღეს უკვე თამამად ვთქვათ, რომ 2027 წლის შემოდგომაზე ეს გზა - 17 კილომეტრიანი მონაკვეთი დასრულებული იქნება. ურბანული განახლების პროგრამის ფარგლებში ახალი ტენდერი გამოვაცხადეთ, გვყავს გამარჯვებული.
ამჟამად მიმდინარეობს აქტიურად დაპროექტების სამუშაოები და მნიშვნელოვანი არის, რომ სწორად დაპროექტდეს შესაბამისად, შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით. მინდა კიდევ ერთხელ შემთხვევით ვისარგებლო და "ქართუ ფონდს" და ბატონ ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ყველაფერ ამას მან ჩაუყარა საფუძველი. ძალიან დიდი ინვესტიცია განახორციელა აბასთუმანში იმისთვის, რომ ამ კურორტს ახალი სიცოცხლე შეეძინა ზოგადად ტურისტული თვალსაზრისით,"- აცხადებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე.