საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ, მსოფლიო საპატრიარქოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე, აფხაზეთიდან დევნილი 11-დან 15 წლამდე ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ბანაკი მოაწყო.
ბანაკში, აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებთან ერთად, მონაწილეობდნენ სოფელ ფერიაში მცხოვრები ეთნიკურად აფხაზი ახალგაზრდებიც. საერთო ჯამში, პროგრამაში 50 ეთნიკურად აფხაზი და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა ჩაერთო.
ახალგაზრდები 7 აგვისტოდან 20 აგვისტოს ჩათვლით, ორი კვირის განმავლობაში, მრავალფეროვან კულტურულ-შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ. მათთვის მოეწყო ექსკურსიები როდოსის ისტორიულ ადგილებში.
პროექტის ფარგლებში, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა მონაწილეებისთვის ლექციები წაიკითხა ღირებულებითი განათლების შესახებ.
ბანაკის დახურვის ღონისძიებაზე ახალგაზრდებმა ბერძენ მასპინძლებს ქართული ტრადიციული ცეკვები და სიმღერები წარუდგინეს.