23 აგვისტო 2026,   02:30
ვრცლად
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი გაიხსნა - მონადირეებისთვის სახეობებისა და რაოდენობრივი შეზღუდვის გარდა გაწერილია ნადირობის ვადებიც

მონადირეების ნაწილისთვის სეზონი ტრადიციულად მწყერზე ნადირობით იწყება. კანონმდებლობით, ერთ მონადირეზე დღიური ლიმიტი მკაცრად განსაზღვრულია, მაქსიმუმ 20 მწყერი. მონადირეებისთვის სახეობებისა და რაოდენობრივი შეზღუდვის გარდა გაწერილია ნადირობის ვადებიც. მწყერზე, ქედანზე, გარეულ მტრედზე და კიდევ 5 სახეობის ფრინველზე ნადირობა 15 თებერვლამდეა ნებადართული.

განსხვავებული ვადები და ტერიტორიული შეზღუდვები მოქმედებს წყალმცურავ ფრინველებზე. რუხ ბატზე, გარეულ იხვზე, ჭიკვარასა და კიდევ 8 სახეობის ფრინველზე ნადირობა ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში 10 სექტემბრიდან დაიწყება. შეზღუდვებისა და ნადირობის წესების შესახებ სრული ინფორმაცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა ხელმისაწვდომი.

ეს კი ფრინველების მოსაზიდი ხმოვანი მოწყობილობა ე.წ მანოკია. ნადირობის სეზონის გახსნიდან 12 საათში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 19 ერთეული უკანონო საშუალება ამოიღო. დაფიქსირდა ქალაქის ტერიტორიაზე ნადირობის 10 შემთხვევაც. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ჯამში 40 სამართალდარღვევა გამოავლინა.

განსაკუთრებული სანქციები მოქმედებს სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებსა და კანონით განსაზღვრულ დაცული ტერიტორიების ზონებში ნადირობის შემთხვევაში. ჯარიმა 3 000 ლარამდეა. თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი დიდია, შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც დადგეს. მკაცრად განსაზღვრულია იარაღის ტიპიც.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბოლო წლებში ბრაკონიერობის შემთხვევები შემცირებულია. დანაშაულის აღკვეთისა და გამოვლენის პროცესში მნიშვნელოვან როლს თანამედროვე ტექნოლოგიები ასრულებს. ნადირობის მოყვარულებისთვის კი წინ კიდევ რამდენიმე თვეა, ნადირობის სეზონი 1 მარტს დასრულდება.

ავტორი: ირაკლი კოშაძე.

დღის ამბები