23 აგვისტო 2026,   23:26
ვრცლად
ბრალდებები ოპოზიციაში და დაპირისპირება ყოფილ თანაპარტიელებს შორის - "ქართული ოცნება" პროცესს ძალაუფლებისთვის ბრძოლად აფასებს

ძველებსა და ახლებს, ყოფილებსა და მოქმედ "ნაციონალებს" როგორც ჩანს, გასაყოფი ჯერ კიდევ ბევრი აქვთ - ოპოზიციურ ველზე დაწყებული პოლიტიკური ომი გრძელდება. წარსულში თანამებრძოლს და დღეს მტრადქცეულ გვარამიას ცეცხლი სააკაშვილმა ციხიდან გაუხსნა. მორიგი "ფეისბუკ" სტატუსი უფრო მკაცრი ტონით და მძიმე ბრალდებებით გამოაქვეყნა. მისივე ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსანს, რომელმაც "ნაციონალური" მოძრაობა 4 მილიონად დააფასა, საკნიდან შემოუთვალა, რომ პარტია ამ ფასად არ იყიდება, თავად კი გზააბნეული და გაყიდული უწოდა.

მიხეილ სააკაშვილის ამ და სხვა "ფეისბუკ" სტატუსებში არათანმიმდევრული პოლიტიკა ამოიკითხეს გვარამიას გუნდის წევრებმა. პარტია ახალში ამბობენ, რომ წარსულის გახსენებითა და დაუსრულებელი ურთიერთბრალდებებით მხოლოდ ოპოზიცია ზიანდება.

ახალი დაპირისპირების ტალღა კი ძველ თანამებრძოლებს შორის, რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ჯერ სააკაშვილმა გააკრიტიკა გვარამია, შემდეგ ნიკა გვარამიამ დაადო "ნაციონალურ მოძრაობას" ფასი, ურთიერთბრალდებები კი იქამდეც მივიდა, რომ ანი წითლიძემ ყოფილ იდეოლოგს ტელევიზიების მძარცველი უწოდა და უახლესი წარსულიც გაახსენა.

პროცესები, რომლებიც ოპოზიციაში განვითარდა ლოგიკურია მმართველი გუნდისთვის. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ თვითლუსტრაციის რეჟიმში მყოფმა ოპოზიციამ თავად აღიარა მათ მიერ ჩადენილი ის დანაშაული, რომელიც მანამდე ქართულმა და საერთაშორისო მართლმსაჯულებამაც დაადასტურა. ოპონენტებს შორის დაპირისპირების, ურთიერთბრალდებების და პირადი შეურაცხყოფის მიღმა კი "ქართული ოცნება", ფულისა და ძალაუფლებისთვის ბრძოლას ხედავს.

როდის და როგორ დასრულდება ყოფილ და მოქმედ "ნაციონალებს" შორის პოლიტიკური ომი, ეს ჯერ უცნობია. იქამდე კი ერთ დროს ერთი იდეის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებს შორის მწვავე დაპირისპირება გრძელდება.

ავტორი: ნანა გოგატაძე. 

დღის ამბები