23 აგვისტო 2026,   20:17
ვრცლად
ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ - ბათუმსა და მცხეთაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

საფრანგეთიდან თურქეთის გავლით საქართველოში მგზავრობა წინასწარი დაკავების იზოლატორში დასრულდა. 36 წლის მამაკაცმა ჩათვალა, რომ საზღვარზე ნარკოტიკების შემოსატანად ყველაზე უსაფრთხო ადგილი არა ჩემოდანი, ან ხელბარგი, არამედ საცვალი იყო. კურიერის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მარსელიდან ჩამოსულ მგზავრს ორ პაკეტად დაფასოებული 300 აბი "ემდიემეი" სწორედ შარვლის შიგნით აღმოუჩინეს.

ბრალდებული ახლა დუმილის უფლებას იყენებს. მას ბრალი ქვეყანაში დიდი ოდენობით ნარკოტიკების შემოტანის მუხლით უკვე წარედგინა.

ნარკოტიკების გადასატანად სხვა მეთოდს მიმართა აზერბაიჯანის სამმა მოქალაქემ. ისინი მცხეთის ტერიტორიაზე ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც სოფელ წიწამურთან სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ავტომობილის ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით მეთადონი აღმოაჩინა. ჩხრეკა ჩატარდა თბილისში, ბრალდებულების დროებით საცხოვრებელ მისამართზეც, სადაც ნარკოტიკების დასაფასოებლად საჭირო მასალებიც ამოიღეს.

ბათუმი და მცხეთა - ორივე საქმეზე გამოძიება გრძელდება. დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის, ქვეყანაში შემოტანისა და რეალიზაციის ხელშეწყობაში ბრალდებულებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

დღის ამბები