15 ნოემბერი 2024,   13:21
ვრცლად
პოლონელი ექიმები სრულად დაეთანხმნენ ჩვენი მკურნალობის ტაქტიკას და ჩატარებულ კვლევებს - "ვივამედის" კლინიკური დირექტორი

რა გამოკვლევები ჩაუტარეს პოლონელმა ექიმებმა მიხეილ სააკაშვილს - "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა მედიასთან კომენტარი გააკეთა. ზურა ჩხაიძემ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. მისივე თქმით, პოლონელი ექიმები მათ მიერ შემუშავებულ მკურნალობის ტაქტიკას სრულად დაეთანხმნენ.

"ნამდვილად კოლეგიალური, საგნობრივი შეხვედრა იყო. ისინი სრულად დაეთანხმნენ ჩვენი მკურნალობის ტაქტიკას, ჩატარებულ კვლევებს. დამატებითი კვლევები, რაც ჩატარებული გვაქვს, სრულად დაეთანხმნენ ამ კვლევებს. ის, რაც თვითონ რეკომენდაციის სახით მოგვცეს, ჩვენ ეს გვქონდა რეკომენდებული პაციენტისთვის, მაგრამ პაციენტი მაშინ უარს აცხადებდა - თუნდაც, ხერხემლის პუნქციის ჩატარება, რომელზეც პაციენტმა არაერთხელ განაცხადა უარი; იგივე, მაგალითად, კვებასთან დაკავშირებული საკითხები.

რაც შეეხება წონაში მატებას, რა თქმა უნდა, არის წონაში მატება, მომატებულია წონაში და ჩვენ ეს ძალიან გვახარებს და, მგონი, პაციენტსაც უნდა ახარებდეს და მის გარემოცვასაც. ჩვენ ვისურვებდით, რომ კიდევ უფრო მეტად გაითვალისწინოს ჩვენი რეკომენდაციები, თუნდაც კვების კომპონენტში.
წონაში მატება არანაირად არ არის განმსაზღვრელი სადმე გადაყვანის. ამაზე საუბარი ჩვენთან არ არის. რა თქმა უნდა, საყურადღებოა მისი მდგომარეობა, თუნდაც ლაბორატორიული კვლევის შედეგებიდან, თუმცა, ყველა პარამეტრი არის სტაბილური,"- განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, რომ "ვივამედი" პოლონელმა ექიმებმა გვიან ღამით დატოვეს. მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო შემოწმება რამდენიმე საათი გაგრძელდა. პოლონელმა ექიმებმა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია ქართველი კოლეგებისგან მიიღეს. საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. მიხეილ სააკაშვილის ოჯახის ინფორმაციით, 5 ექიმისგან დაკომპლექტებული სამედიცინო მისიის შედეგები საჯარო არ იქნება.

დღის ამბები