საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიაში, ვახტანგ მახარობლიშვილი აცხადებს, რომ ბელგიის მხრიდან საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოღება, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ტექნიკურ შეცდომასთან, ან გარკვეულ სტატისტიკურ მონაცემებთან. მისივე განცხადებით, ბელგიის საგარეოო საქმეთა სამინისტრო უახლოეს მომავალში დააკონკრეტებს იმ მიზეზს, რის გამოც მიიღეს ეს გადაწყვეტილება.
"ევროკავშირის 16 სახელმწიფოს 20-დან საქართველო აღიარებული ჰყავს, როგორც უსაფრთხო ქვეყანა. აქვე აღვნიშნავ იმას, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანას არ აქვს, ზოგადად, მსგავსი მიდგომა და პრინციპი. ჩვენ გვქონდა აქტიური კონსულტაციები ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და შემიძლია ღიად ვთქვა, რომ სამინისტროს ჰქონდა პოზიტიური დამოკიდებულება და რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო დარჩენილიყო უსაფრთხო ქვეყნების სიაში. შესაბამისად, მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები ხანდახან გარკვეული ტიპის ტექნიკური და ხანდახან სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე მიიღება.
მოგეხსენებათ, რომ გასულ წელს, პანდემიის შემდგომ პერიოდში ჩვენ გარკვეული მატებაც გვქონდა მოქალაქეების მობილობასთან დაკავშირებით, მაგრამ აქვე დავამატებ, რომ მიმდინარე წელს ჩვენ გვაქვს თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ვარდნა. ჩვენ გვქონდა აქტიური კონსულტაციები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, გვქონდა კომუნიკაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაც, მიდის შიდა კომუნიკაციაც ბელგიის უწყებებს შორის და ალბათ, უახლოეს მომავალში დაგვიზუსტებენ კონკრეტულ, შესაძლოა, ტექნიკური და სტატისტიკურ მიზეზებს.
მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებს იღებენ წელიწადში ერთხელ, თუმცა ნამდვილად ვერ გამოვრიცხავ, რომ სხვადასხვა მოცემულობიდან გამომდინარე მოხდეს გადახედვა და უფრო დაჩქარებულად იქნეს რაიმე გადაწყვეტილებების მიღება. რაც შეეხება უვიზო რეჟიმს, შემიძლია გითხრათ, რომ მას საფრთხე არ ემუქრება, აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი კომუნიკაცია ევროკავშირის მხრიდან არ ყოფილა,"-განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.