ივნისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 7.7%-ით გაიზარდა - განახლებულ მონაცემებს სტატისტიკის სამსახური აქვეყნებს. ძირითადად ზრდის ტენდენცია ფიქსირდება მშენებლობის, ვაჭრობის, საფინანსო და სადაზღვევო სექტორების მიმართულებით.
საქსტატის ინფორმაციით, გარკვეული კლების ტენდენცია ფიქსირდება სატრანსპორტო და დასაწყობების, ასევე ენერგეტიკის მიმართულებით.
"ივნისში საქართველოში სახეზე გვაქვს 7.7%-იანი ეკონომიკური ზრდა, ხოლო 6 თვის საშუალო მაჩვენებელი გახლავთ 7.6%. ექსპორტი გაიზარდა დაახლოებით 23%-ით, ხოლო იმპორტის მოცულობა გაზრდილია 10%-ით. 2023 წლის ივნისში ქვეყანაში დარეგისტრირდა 6 700-მდე ახალი საწარმო, რაც 1%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს. მშენებლობის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობასთან, ასევე სამოქალაქო მშენებლობასთან, როგორიც არის გზების, ხიდების და გვირაბების მშენებლობა. 2.5-ჯერ გაიზარდა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი. ზრდა ძირითადად გამოვლინდა ყაზახეთის, ყირგიზეთის და სომხეთის მიმართულებით, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორში ზრდის ტენდენციებს განაპირობებდა კომერციული ბანკების როგორც საპროცენტო, ასევე არასაპროცენტო შემოსავლების ზრდა," - აცხადებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე.