15 ნოემბერი 2024,   15:23
ვრცლად
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაფუძნებიდან 8 წელი გავიდა, თარიღთან დაკავშირებით გაიმართა ღონისძიება, სადაც მონაწილეებს პრემიერ-მინისტრმა მიმართა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაფუძნებიდან 8 წელი გავიდა, თარიღთან დაკავშირებით გაიმართა ღონისძიება, სადაც მონაწილეებს პრემიერ-მინისტრმა მიმართა.
 
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამსახურმა მნიშვნელოვანი რეფორმები ჩაატარა და ჩამოყალიბდა როგორც დამოუკიდებელი სისტემა.
 
ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ თანამშრომლებს. სტუმრებს სიტყვით მიმართეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. სუს-ის უფროსმა სამსახურის თანამშრომლები დააჯილდოვა.

"მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, მივესალმები პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს, ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს და სამსახურის ხელმძღვანელობას, თითოეულ თანამშრომელს. მინდა, პირველ რიგში მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ამ სამსახურის დაფუძნებიდან 8 წელი გავიდა და მას შემდეგ სამსახურმა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები ჩაატარა, განახორციელა, ჩამოყალიბდა როგორც დამოუკიდებელი, ეფექტიანი სისტემა, სამსახური, რომელიც იცავს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და აძლიერებს ჩვენს სახელმწიფოს, იცავს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს, პირველ რიგში," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა გრიგოლ ლილუაშვილს და სამსახურის თითოეულ თანამშრომელს და ხაზი გაუსვა, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტიან მუშაობას.

"მე მინდა კიდევ ერთხელ ჩვენი მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ეს სამსახური კიდევ უფრო სხვა დონეზე გადავიდა, მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა, რითაც სამსახური კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა. ამისთვის მადლობა თქვენ, ბატონო გრიგოლ, და თქვენს ხელმძღვანელობას, ყველას მინდა მადლობა გადავუხადო, თითოეულ თქვენს თანამშრომელს.

მე ასევე მინდა აღვნიშნო და ამის თაობაზე ბატონმა გრიგოლმა ვრცლად ისაუბრა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სამსახურის ეფექტიან მუშაობას. თქვენი როლი არის ერთ-ერთი გადამწყვეტი, მე ასე ვიტყოდი, ვინაიდან თქვენ ახდენთ საფრთხეების შეფასებას, იდენტიფიცირებას, როგორც შიდა, ისე გარე საფრთხეების გამოვლენას, პრევენციასა და აღკვეთას. ასევე ეს სამსახური ებრძვის ტერორიზმს, კორუფციას და, რაც მთავარია, კიდევ მინდა გავიმეორე, უმაღლეს დონეზე იცავს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას," - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დღეს ქვეყანა და, ზოგადად, რეგიონი დიდი გამოწვევის წინაშეა. მისივე განცხადებით, ასეთ ვითარებაში მთავრობისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლი არის მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება.

"მოგეხსენებათ, ჩვენ დღეს ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვიმყოფებით, - ჩვენი ქვეყანა, მთელი რეგიონი. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ასეთი გამოწვევა არ უნახავს ევროპის კონტინენტს და ზოგადად, მთელი მსოფლიო წესრიგი არის ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე. ასეთ ვითარებაში სახელმწიფოს, ჩვენი მთავრობისა და ამ სამსახურის პირდაპირი როლი, რა თქმა უნდა, არის მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება. მოგეხსენებათ, და თავის გამოსვლაში ეს ბატონმა გრიგოლმა სწორად ახსნა და აღნიშნა, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, პროვოკაციული და დესტრუქციული მოქმედებებისა, ჩვენმა ხელისუფლებამ შეინარჩუნა მშვიდობა, სტაბილურობა და, რაც მთავარია, ჩვენ სწრაფად ვზრდით ქვეყნის ეკონომიკას, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი მოსახლეობის, მოქალაქეების კეთილდღეობაზე.

მოგეხსენებათ, რომ საფრთხეები არის მრავალგანზომილებიანი, გვიწევს გამკლავება ჰიბრიდულ საფრთხეებთან, გვიწევს გამკლავება ოკუპაციასთან და ოკუპაციის თანამდევ რისკებთან, რომელიც თან ახლავს ოკუპაციას ზოგადად. ყოველდღიურ რეჟიმში ეს სამსახური იცავს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ამავე დროს ჩვენ შევძელით და ბოლო 10 წელზე მეტია მოვახერხეთ ის, რომ მიუხედავად ამ გამოწვევებისა, რომელიც თან ახლავს ოკუპაციას, ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, სტაბილურობა," - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ეს არის ერთადერთი მშვიდობიანი პერიოდი, როცა ქვეყანას არ დაუკარგავს ტერიტორიები, არ ყოფილა ომი და რაიმე სერიოზული კონფლიქტი.

"ეს არის ერთადერთი მშვიდობიანი პერიოდი, როცა ქვეყანას არ დაუკარგავს ტერიტორიები, არ ყოფილა ომი და რაიმე სერიოზული კონფლიქტი ან გამოწვევა, რაც, რა თქმა უნდა, არის ჩვენი ხელისუფლების სწორი ხედვისა და სწორი პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ალტერნატივა არა აქვს," - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

დღის ამბები