"ეს რადიკალური ოპოზიცია, ფაქტობრივად, ატყუებს და აგდებს საკუთარ ამომრჩეველს და ეს პირველი შემთხვევა მათი მხრიდან არ არის" - ეს განცხადება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა გააკეთა.
მან 2020 წლის არჩევნები გაიხსენა და თქვა, რომ ოპოზიციამ არც მაშინ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები.
"საქართველოს პარლამენტს სახალხო ლეგიტიმაცია უკვე აქვს, ახლა უბრალოდ დგას საკითხი, ის, ვინც აირჩია ხალხმა, რამდენად პასუხისმგებლობით მოეკიდება ხალხის არჩევანს. დღეს რასაც ვუყურებთ ჩვენ, ეს რადიკალური ოპოზიცია, ფაქტობრივად, ატყუებს და აგდებს საკუთარ ამომრჩეველს და ეს პირველი შემთხვევა მათი მხრიდან არ არის. 2020 წელსაც ზუსტად ასე იყო, როდესაც ხალხმა ოპოზიციაში აირჩია ეს რადიკალები, მაგრამ მათ არც მაშინ არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები. შესაბამისად, მერე არავის აღარ უნდა გაუკვირდეს, რომ ასეთი მარგინალიზებული ოპოზიცია საერთოდ გაქრება პოლიტიკური ველიდან," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.