მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მერაბ გამყრელიძემ, შოვის სტიქიის შედეგად დაღუპული მოქალაქეების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და ღრმა მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო.
მისი თქმით, სტიქიის ეპიცენტრში სამძებრო სამუშაოები დღე-ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
"პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით დღევანდელი დღე გამოცხადდა გლოვის დღედ. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახის წევრებს. ინფორმაცია გუშინდლის შემდეგ, არ შეცვლილა. ამ ეტაპზე გვყავს 18 ცხედარი, რომელიც ნაპოვნია. 16 პირს ვეძებთ.
სამუშაოები მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში. 7 პრიორიტეტულ ლოკაციაზე მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. მუშაობს 80-ზე მეტი ტექნიკა. ახალი ლოკაციის წმენდა დაიწყება დღეს, ეს არის ე.წ მჟავე წყლების ტერიტორია. გუშინ გზა ბოლომდე იქნა გაყვანილი და ახლა მიმდინარეობს მდინარის გადაგდების სამუშაოები. მოქალაქემ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ იყო აკუმულირებული ხალხი სტიქიის წინ. ჯარი, შსს-ს თანამშრომლები და სამაშველო სამსახური კოორდინირებულად არის ჩართული სამუშაოებში და ერთად, უწყვეტად მუშაობენ", - განაცხადა მერაბ გამყრელიძემ.
ონის მუნიციპალიტეტის მერის სერგო ხიდეშელმა, დაღუპულთა ოჯახის წევრებს და მთელს საქართველოს მიუსამძიმრა და ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო, გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, 7 აგვისტო გამოცხადდა გლოვის დღედ. მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს და მთელს საქართველოს", - განაცხადა სერგო ხიდეშელმა.