19 სექტემბერი 2024,   19:15
ვრცლად
12 დღე შოვის ტრაგედიიდან - 25 ცხედრის პოვნის შემდეგ მაშველები და ჯარისკაცები დაკარგულების ძებნას ისევ აქტიურად განაგრძობენ

რაჭაში, სტიქიის ზონაში, სამ მეტრიანი მიწის მასიდან, დღის მეორე ნახევარში მაშველებმა 25-ე დაღუპული ამოასვენეს. "კურიერის" ინფორმაციით, ცხედარი სტიქიის ეპიცენტრში, ე.წ. კოტეჯების ტერიტორიის მიმდებარედ იპოვეს.

12 დღეა რაჭის თითქმის ყველა სოფელში ოჯახის წევრებს და ახლობლებს გლოვობენ. "კურიერი" დღეს ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ წედისში ჩავიდა. სწორედ აქედან იყვნენ ჩასული კურორტ შოვში მარიამ მაისურაძე და შორენა ბიჭაშვილი, როდესაც საკურორტო ზონაში ღვარცოფული მასა ჩამოვიდა. მაშველებმა დედა-შვილის ცხედრები, ე.წ. კოტეჯების ტერიტორიაზე იპოვეს. ამ დრომდე ელოდებიან ადგილობრივები ცნობებს კოტე მაისურაძის შესახებ, 23 წლის მამაკაცი 8 დაკარგულს შორისაა.

ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა ინტენსიურად ეძებს იმ ნივთებს, რომლის დახმარებითაც, მაშველებმა შესაძლოა დაკარგულების ადგილმდებარეობა დაადგინონ. მდინარე რიონის კალაპოტში დილით ავტომობილი იპოვეს, სტიქიის დაწყებიდან რამდენიმე წუთით ადრე, გავრცელებული ინფორმაციით, ამ მანქანით სამი ადამიანი გადაადგილდებოდა, რომლებსაც ამ დრომდე ვერ პოულობენ.

სამძებრო ღონისძიებები მანამდე გაგრძელდება, სანამ ყველა დაკარგულს არ იპოვიან - ეს განცხადება სტიქიის ზონაში მყოფმა ვახტანგ გომელაურმა გააკეთა. შინაგან საქმეთა მინისტრი, უკვე მეორე დღეა შოვში იმყოფება და სამუშაო პროცესს აკვირდება. მინისტრი რამდენიმე ლოკაციაზე მივიდა და  სტიქიის ზონაში ჩატარებული სამუშაოების შედეგებს ადგილზე გაეცნო.

სამძებრო ღონისძიებებთან და სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით, ვახტანგ გომელაურისგან საველე შტაბის წევრებმა დღეს კონკრეტული დავალებები მიიღეს. შინაგან საქმეთა მინისტრმა საგანგებო თათბირიც ჩაატარა.

მდინარეების - რიონის და ჭანჭახის კალაპოტებში დაკარგულებს, სპეციალური ნავებით ეძებენ. ძებნის პროცესს სწრაფი დინება ართულებს. მაშველებს 11 დღეა სამხედროები შესაბამისი აღჭურვილობებით, სამუშაოდ, ყველაზე რთულ ადგილებში ეხმარებიან. თავდაცვის ძალები, მდინარეებზე და მეწყრული მასით დაფარულ ლოკაციებზე არიან გადანაწილებულები.

ჯარისკაცებს და მეხანძრე-მაშველებს, სამძებრო-სალიკვიდაციო სამუშაოებში 100-მდე მძიმე ტექნიკა ეხმარება. გაფართოებულ არეალში, რომელმაც უკვე 60 კილომეტრს მიაღწია, სპეცტექნიკა 13 ლოკაციაზე მუშაობს. პარალელურად, სტიქიით დაზარალებულ სოფლებში, წყალმომარაგების სისტემებს რეაბილიტაცია უტარდებათ.

სტიქიის შედეგად დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდები ონის მუნიციპალიტეტში დღეს დილიდან მიმდინარეობს. სოფელ გლოლაში 23 წლის სოფო ბაკურაძეს და ანსამბლ ”ბუბას" წევრს გენო სულხანიშვილს გლოვობენ.

სტიქიის ზონაში, ოფიციალური ინფორმაციით, შესამოწმებელი და დასამუშავებელი, ჩამოშლილი მასის 26 პროცენტი დარჩა. სამუშაოებს დაახლოებითი 2 დღე დასჭირდება. ამის შემდეგ კი, მდინარის კალაპოტების დამუშავება და შემოწმება მოხდება.

დღის ამბები