თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ" პროკრატურაში საჩივარი შეიტანა - საუბარია მშენებლობებზე. მათი განცხადებით, 25 აგვისტოს საკრებულომ კენჭისყრა კანონდარღვევით ჩაატარა და რამდენიმე სამშენებლო პროექტს მხარდაჭერა უკანონოდ გამოუცხადა.
“სამსახურებრივი სიყალბე - ეს არ არის ხერხი და რეგლამენტის დარღვევა, ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლის დარღვევა, სამსახურებრივი სიყალბე. თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ ამ მუხლს და მიხვდებით, რომ სწორედ ეს მუხლი დაარღვიეს ამ ადამიანებმა,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ონიანმა.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბარბარა ჯიმელი-სულაშვილი აცხადებს, რომ ენმ-ს ფრაქცია ყველაფერს გააკეთებს, რათა თბილისისთვის დამანგრეველი სამშენებლო პროექტების დამტკიცება გაუქმდეს.
„“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია ყველაფერს გააკეთებს, რომ იმ კონკრეტულმა პიროვნებებმა, რომლებმაც ამაში მონაწილეობა მიიღეს, პასუხი აგონ და ასევე, რომ იმ სხდომის შედეგი იყოს გაუქმებული, რაც ნიშნავს, რომ თბილისისთვის დამანგრეველი სამშენებლო პროექტების დამტკიცება გაუქმდეს,“ - აცხადებს ბარბარა ჯიმელი-სულაშვილი.
“ქართულ ოცნებაში“ ბრალდებებს უარყოფენ - თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, “ნაცმოძრაობამ“ ზუსტად იცის, რომ დანაშაულის ნიშნები არსად ფიქსირდება და ერთდღიან პიარ კამპანიას აწარმოებს, რათა ქალაქის განმავითარებელი პროექტები გააშავონ.
„ზუსტად იციან, რომ არანაირი დანაშაულის ნიშნები არსად არ ფიქსირდება. უბრალოდ, ერთდღიანი სალაპარაკო თემა უნდა მისცენ საკუთარ თავსაც და ალბათ საზოგადოების რაღაც ნაწილსა. ისინი ატყუებენ ხალხს. ხშირ შემთხვევაში, მაგალითად, ჟურნალისტებთან ურთიერთობის ან ნებისმიერი სხვა მიზეზის გამო შესაძლებელია 2-3 წუთი უშუალო კენჭისყრის დროს კონკრეტული საკრებულოს წევრი არ ესწრებოდეს კენჭისყრას, თუმცა ამის შესახებ ოქმში აუცილებლად ისახება მისი პოზიცია. ამ მექნიზმითა თუ პრაქტიკით მათ შორის ჩვენი ოპოზიციური კოლეგები სარგებლობენ და ძალიან ხშირად. მე მომიწია 2 წუთით გამოსვლა მაგალითად და დავაფიქსირე საოქმო ჩანაწერში კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით რა იყო ჩემი პოზიცია.
ზოგადად, საკრებულოს გადაწყვეტილების ბათილობა არ ხდება პროკურატურის მეშვეობით და ეს აბსოლუტურად სხვა უწყების უფლებამოსილება არის. ეს თუ არ იციან - კიდევ უფრო მეტი უბედურებაა იმიტომ, რომ მათ უვიცობასთან გვაქვს საქმე. ეს არის ერთდღიანი პიარ კამპანია იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გააშავონ პროექტები, რომლებიც უკავშირდება ქალაქის განვითარებას, რომელთა ჯამური ინვესტიცია არის 1 მილიარდზე მეტი,“ - აცხადებს ლევან ჟორჟოლიანი.