საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ გადადგომას და წასვლას არ აპირებს, რადგან ევროპული მომავლისთვის იბრძვის და ხალხის თანადგომას გრძნობს.
"დღეს მინდა მოგმართოთ თქვენ, საქართველოს საზოგადოებავ, რადგანაც მე მხოლოდ თქვენს წინაშე ვარ ანგარიშვალდებული. ანგარიშვალდებული ვარ, რამეთუ თქვენ ამირჩიეთ და მე ამ არჩევანის მიმართ ვგრძნობ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას. მე ვიცი, რომ თქვენ ამირჩიეთ იმისთვის, რაც მე ვარ, რაც ვიყავი მთელი ცხოვრება, ანუ ევროპის მომხრე, საქართველოს ევროპული მომავლის მომხრე, ნაწილობრივ ევროპელი. ეს არის ის მონაცემები, რის გამოც თქვენ გააკეთეთ თქვენია რჩევანი და მე ამ არჩევანის მიმართ ვარ ანგარიშვალდებული. მე ვიცი, თქვენ როგორი მომავალი გინდათ საქართველოსთვის, როგორი მომავალი უნდა მომავალ თაობას, ახალგაზრდებს.
მე ვიცი, რომ ყველა იმ პრობლემის გადაჭრა, რაც დღეს დგას ქვეყნის წინაშე, ეს იქნება კორუფცია, ადამიანების გადინება ქვეყნიდან, რუსების სრულიად უკონტროლო შემოსვლა ამ ქვეყანაში, ეს ყველაფერი იქნება შეიძლება არა გადაჭრილი, მაგრამ იქნება მოგვარებული ნაბიჯ-ნაბიჯ, როცა ჩვენ შევუერთდებით ევროკავშირს. ეს არის ჩვენი ერთადერთი პერსპექტივა.
ამიტომ მე არსად არ მივდივარ, ჩემ გადადგომაზე ოცნება მე მგონი ყველამ უნდა დაივიწყოს. მე აქ ვარ, სადაც ვარ, მაგრამ მე ყველგან ვივლი, სადაც წასასვლელი ვარ იმიტომ, რომ ეს არის ჩემი უმაღლესი კონსტიტუციური ვალდებულება. მე ვიცავ ამ ქვეყნის კონსტიტუციას, რამეთუ მე ეს ფიცი დავდე, როცა იყო ჩემი ინაუგურაცია, როგორ საქართველოს პრეზიდენტის და ვიქნები ბოლომდე ამ ფიცის ერთგული. მე ვსარგებლობ ჩემი კონტაქტებით და იმ ნდობით რაც გაქვთ ჩემთან მიმართებაში. თქვენ გამოხვედით და აჩვენეთ ევროპას რა არის თქვენი არჩევანი და ზუსტად ამიტომ მხვდებიან დიდი პატივისცემით და მე ვარ ამაყი, რომ თქვენ წარმოგადგენთ, მე ვარ ამაყი, რომ ამას დღეს მე ჩემი სახსრებით დავდივარ. გავაგრძელებ და ვიცი სადაც უნდა ჩავიდე, ვეცდები შემოვიარო ევროპის ყველა ქვეყანა, ვეცდები ჩავიტანო იქამდე თქვენი სურვილები, საქართელო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს დადგება!," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.