სტიქია გურიაში - მაშველებმა სოფელ ჯუმათში არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს. გრძელდება 2 დაკარგულის საძიებო სამუშაოები.
ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა. ყველაზე რთული ვითარებაა ლანჩხუთის სოფელ ჩოჩხათში, სადაც რამდენიმე სახლი მეწყერმა ჩაიტანა.
ადგილობრივების თქმით, წვიმის შედეგად დიდი რაოდენობით წყალი დილის 6 საათიდან მოვარდა.
"უცბად მოვარდა.. მოლოდინში არ ვიყავით ისე უცბად მოვარდა წყალი ამ დილით," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
როგორც მაცხოვრებლები "კურიერთან" ყვებიან, მსგავსი სტიქია არ ახსოვთ.
"ასეთი წვიმები აქ არ ყოფილა, რომ ასე ადიდებულიყო წყალი. მთიდან მოდის ის წყალი და ზღვა როცა ვერ ღებულობს, გამოიწვია დატბორვა," - განაცხადა ადგილობრივმა მურად ჩხაიძემ.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სუფსის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატის ია მოქიას განმარტებით, ადიდებულია მდინარე სუფსა, მრავალი საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები კი დატბორილია.
"მდინარე სუფსა ადიდდა და დატბორილია ძალიან ბევრი სახლის პირველი სართულები. ვებრძვით მაქსიმალურად, დაზიანებულია ასევე მიმდებარე სოფლები. სამაშველო ბრიგადები მუშაობენ," - აცხადებს ია მოქია.
როგორც "კურიერთან" სატელეფონო საუბარში გურიის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე ამბობს, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და ტექნიკა.
"ვითარება არის საკმაოდ რთული, მეწყრული პროცესების განვითარება გადაუდებელი წვიმის შედეგად. სამწუხაროდ არის მსხვერპლი. ნაპოვნი იქნა ერთი არასრულწლოვანის ცხედარი. 2 ადამიანთან დაკავშირებით კი მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, ტექნიკა, მუნიციპალიტეტის და სამაშველო სამსახურებიც. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ასევე სამძებრო სამუშოები აქტიურად," - აცხადებს გიორგი ურუშაძე.