22 აგვისტო 2026,   20:03
ვრცლად
შვედეთის სკოლაში ხმლით შეიარაღებული 18 წლის მამაკაცი მოსწავლეებს თავს დაესხა - შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი დაშავდა

შვედეთის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში ხმლით შეიარაღებული 18 წლის მამაკაცი მოსწავლეებს თავს დაესხა, რასაც 1 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი დაშავდა. პოლიციამ თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნა და დააკავა. მედიის ცნობით, ის ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლეა.  ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

შემთხვევა პარასკევს ნაშუადღევს, ცენტრალური შვედეთის პატარა ქალაქ ფაგერშტაში მდებარე "ბრინელის" საშუალო სკოლაში მოხდა. სკოლა საზაფხულო არდადეგების შემდეგ ახალი გახსნილი იყო და ზოგიერთი სტუდენტისთვის ეს პირველი სასწავლო დღე გახლდათ. პოლიციამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი 18 წლის მამაკაცია, რომელსაც სროლის შედეგად დაზიანება მიაყენეს და მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

ადგილობრივი ჯანდაცვის სამსახურის ცნობით, ორი დაშავებული ბიჭის მდგომარეობა მძიმეა. მესამე დაშავებული კი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

აღნიშნულ სკოლაში, 16-დან 20 წლამდე ასაკის 450 სტუდენტი სწავლობს.

დღის ამბები