15 ნოემბერი 2024,   17:35
ვრცლად
რატომ დაიშალა ახალციხის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" - პარტიის ყოფილი წევრები მიზეზებზე საუბრობენ

ახალციხის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" 6-მა წევრმა, რომელთაც ფრაქცია და პარტია უკვე დატოვეს, გაავრცელეს ვიდეომიმართვა, სადაც საუბრობენ მიზეზებზე, რის გამოც მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს. მათი თქმით,  ენმ-ის ახალ მენეჯმენტს მათთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონდა, მათი განსხვავებული შეხედულებების გამო.

"7 თვის წინ, პარტია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ჩატარდა თავმჯდომარის არჩევნები, რის შედეგადაც განხორციელდა მენეჯმენტის ცვლილება. არსებული 7 თვის განმავლობაში, ახალციხეში არსებულ ფრაქცია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" არანაირი კომუნიკაცია არ შემდგარა ახალი მენეჯმენტიდან, ჩვენი განსხვავებული პოზიციების გამო. მივიღეთ გადაწყვეტილება დავტოვოთ ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და გადავიდეთ დამოუკიდებელ დეპუტატებად, სადაც ასევე შეუპოვრად გავაგრძელებთ ჩვენი მხარდამჭერებისა და ამომრჩევლების ნებას პროდასავლური საქართველოს შენების კუთხით,"-ნათქვამია ვიდეომიმართვაში.

"კურიერი" გაესაუბრა ფრაქციის ყოფილ წევრს დავით ახალკაცს, რომელმაც განაცხადა, რომ ახალციხის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ახალმა მენეჯმენტმა პარტიიდან გარიყა იმის გამო, რომ ისინი ნიკა მელიას ღიად უჭერდნენ მხარს. "მოვიდა ახლი მენეჯმენტი, რომელთათვისაც ჩვენი აზრი იყო მიუღებელი იქიდან გამომდინარე, რომ ახალციხის რაიონული ორგანიზაცია თავიდანვე ღიად აფიქსირებდა ნიკა მელიას მხარდაჭერას. ალბათ ეს გახდა მათთვის მთავარი მიზეზი, რომ ჩვენ გავერიყეთ. პიკი იყო ის, რომ აბსოლუტურად მთელი საქართველოს მასშტაბით, "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის წევრები სხვადასხვა რაიონიდან, რეგიონებიდან მიწვეულნი იყვნენ ღონისძიებებზე, რასაც პარტია აორგანიზებდა, ჩვენთან არ იყო არანაირი კომუნიკაცია ისევ. ახალციხის "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქცია ახალ თავმჯდომარეს არც მოუკითხავს, არც დაინტერესებულა მისი მუშაობით საკრებულოში. არაფორმალურ მმართველობას რომ ვემიჯნებით, ეს ძალიან ცალსახაა. იგივეა, რა თქმა უნდა, შიდაპარტიულ თემაშიც, როდესაც შესამჩნევი იყო უკვე ეს არაფორმალური მმართველობა,"- აცხადებს დავით ახალკაცი "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.

"კურიერი" ესაუბრა ფრაქციის კიდევ ერთ ყოფილ წევრს, ნატო დარბაიძეს, რომელიც ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერი იყო.

"ლევანს ვუჭერდი მხარს, რადგან მინდოდა უფრო მეტი სიახლე და მეტის გაკეთება, ვიდრე აკეთებდა პარტია, თუმცა შევცდი არჩევანში. თუმცა, ჩემი გუნდის მეტი წილი უჭერდა ნიკა მელიას მხარს და ვფიქრობთ, ალბათ მიზეზი უფრო ეს უნდა იყოს. რომ აირჩა ახალი თავმჯდომარე, ვინ აარჩია, ისე მაინტერესებს და ასეთი ჩრდილოვანი არჩევნების წინააღმდეგი ვარ უკვე რამდენი წელია, მაგისთვის ვიბრძვი, რომ იყოს დემოკრატია როგორც პარტიაში, ისე ქვეყანაში და ვერასდროს ვერ მივესალმები ასეთ არჩევნებს,"- აცხადებს ნატო დარბაიძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას ამბობს, რომ გადაწყვეტილება ფრაქციის წევრებმა გუშინ მიიღეს. დავით ლომიძე დარწმუნებულია, რომ "ნაციონალური მოძრაობიდან" გასვლის შემდეგ ფრაქციის ყოფილი წევრები ბევრად უფრო თავისუფლად იმოქმედებენ საკრებულოში.

"გუშინ საღამოს "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციამ ოქმი შეადგინა, მოაწერა ყველამ ხელი პარტიისგან გამოსვლასთან დაკავშირებით და შემოიტანეს საკრებულოში და ჩვენ დავარეგისტრირეთ. ისინი მაინც დირექტივებს ელოდებოდნენ და ახლა უფრო გახსნილები იქნებიან და უფრო თავისუფლად იმოქმედებენ, მე მგონი, საკრებულოში,"- აცხადებს დავით ლომიძე.

დღის ამბები