20 სექტემბერი 2024,   04:50
ვრცლად
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეულია - ყარაბაღში სომხური შეიარაღებული ფორმირებები დაიშლება

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეულია, არაღიარებული რეგიონის ხელისუფლებამ სრული განიარაღების შესახებგამოაცხადა. მედიის ცნობით, ყარაბაღში მყოფი სომხური შეიარაღებული ფორმირებები დათანხმდნენ პირობებს, რომლებიც რუსეთის სამშვიდობო ძალებმა, ბრძოლის ველზე აზერბაიჯანის არმიასთან წარუმატებლობის შემდეგ შესთავაზეს.

ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმება ნიშნავს, რომ სომხური შეიარაღებული ფორმირებები დაიშლება და მძიმე შეიარაღება გაყვანილი უნდა იქნეს რეგიონიდან. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ საომარი მოქმედებები შეჩერდება.

ფაშინიანი კი აცხადებს, რომ სომხეთი არ მონაწილეობდა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის განხილვაში. სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, სომხეთის ხელისუფლებამ ცეცხლის შეწყვეტისა და შეთანხმების შესახებ აზერბაიჯანსა და არაღიარებულ ყარაბაღის რეგიონს შორის, ოფიციალური საინფორმაციო წყაროებიდან შეიტყო. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევლახში გაიმართება შეხვედრა ყარაბაღელ სომხებთან.

ბოლო მონაცემებით, საბრძოლო მოქმედებებს 32 ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია 200-ზე მეტი. მძიმე ღამის შემდეგ, ამ წუთებში, ერევანში სომხეთის სამთავრობო შენობებისა და რუსეთის საელჩოსთან სიმშვიდეა, თუმცა დემონსტრანტები შეკრებას ისევ აპირებენ. ადგილზე პოლიცია და სპეცსამსახურები არიან მობილიზებულები.

შეტაკებები პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მთავრობის სახლთან თითქმის მთელი ღამე გაგრძელდა. ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეკრებილები, ფაშინიანს უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ და ითხოვდნენ ერევანმა მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიარებაზე უარი თქვას. დაშავებულია 34 ადამიანი.

დღის ამბები