24 დეკემბერი 2024,   07:35
ვრცლად
დიდი ოპტიმიზმით ველოდებით აშშ-ის ახალი ელჩის, რობინ დანიგანის ჩამობრძანებას, ქალბატონ ელჩთან პირველივე დღეებიდან ძალიან კარგ ურთიერთობებს ჩამოვაყალიბებთ - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აშშ-ის ახალ ელჩთან ურთიერთობას ოპტიმიზმით ელოდება და აქვე აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთვის ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორია.

"ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველთან, ბატონ სალივანთან. მინდა, საჯაროდ გამოვხატო მადლიერება. მქონდა ხანგრძლივი, ღია, გულწრფელი საუბარი. ჩვენ თითქმის ყველა საკითხზე გვქონდა საუბარი, მსჯელობა, ბოლო პერიოდში ასეთი მაღალი დონის შეხვედრები, საუბრები, სამწუხაროდ, აღარ გამართულა. ამის მიუხედავად, ჩვენთან მაღალი რანგის სტუმარი ჩამოვიდა ამერიკიდან, მაგრამ ბატონ სალივანთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საუბარი გვქონდა და ჩვენ შევეხეთ პრაქტიკულად ყველა საკითხს, რომელიც ეხებოდა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, თანამშრომლობას. მინდა, ასევე გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან დიდი ოპტიმიზმით ველოდებით ახალი ელჩის, ქალბატონი დანიგანის ჩამობრძანებას, რომელიც სულ მალე ჩამოვა საქართველოში. მე დიდ იმედს ვამყარებ და მინდა, გამოვთქვა დიდი ოპტიმიზმი, რომ ქალბატონ ელჩთან, ჩვენ პირველივე დღეებიდან ძალიან კარგ ურთიერთობებს ჩამოვაყალიბებთ. ჩვენ გექნება მაქსიმალურად გახსნილი, ღია, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, გულწრფელი ურთიერთობა. ბუნებრივია, ქვეყნებს შორის არსებობს სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენთვის ამერიკა არის ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი, ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა. ჩვენ მადლიერი ვართ ამერიკის. ასევე, მინდა, აღვნიშნო, რომ ხანდახან შეიძლება, იყოს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა, ეს ბუნებრივი პროცესია, რადგან ჩვენ, ჩვენს ქვეყანას ჩვენი ინტერესები გვაქვს, ამერიკას რა თქმა უნდა, თავისი მიზნები და ინტერესები აქვს. არსებობს საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული სხვადასხვა მოსაზრება, ეს ნორმალური პროცესია. ჩვენ ამაზე ვთანხმდებით, რომ არ არის ანომალია და რაღაც არაჯანსაღი მოცემულობა. მთავარია, რომ დიალოგი იყოს ჯანსაღი, იყოს გულწრფელი კომუნიკაცია. ჩვენ არავისთან არაფერი დასამალი არ გვაქვს, არავითარი დაფარული დღის წესრიგი საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს არცერთ საკითხთან მიმართებაში, ხაზგასმით აღვნიშნავ. ასე რომ, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო თანამშრომლობა გველოდება ახალ ელჩთან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები