უკვე 7 საათია, გორისა და კასპის ოლქებში, შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. რეგისტრირებულია ორი კანდიდატი - გიორგი სოსიაშვილი "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან" და მამუკა ტუსკაძე პარტიიდან "სოციალური სამართლიანობისთვის."
საკუთარი ხმა უკვე დააფიქსირა "ქართული ოცნების" კანდიდატმა.
"მხარი დავუჭირე ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, სამშვიდობო პოლიტიკას, თითოეულ მოქალაქეზე ორიენტირებულ პოლიტიკას, მას შემდეგ რაც, 11 წლის წინ ჩვენმა ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ისტორიული გამარჯვება იზეიმა და ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი არფის შეუქცევადი, რომელიც ორიენტირებულია ქართული იდენტობის გაძლიერებასა და სამშვიდობო პოლიტიკაზე, რაც ყველაზე მთავარია. უალტერნატივოა ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე ფიქრი, მის მომავალზე სწორი ფიქრი და სწორი დაგეგმვა ჩვენი ქვეყნის მომავლის, ამიტომ მე დარწმუნებული ვარ ჩვენი საზოგადოება სწორედ ამ განვითარებას დაუჭერს მხარს და იაქტიურებს," - აღნიშნა გიორგი სოსიაშვილმა.
ამომრჩეველს მიმართა ასევე მეორე კანდიდატმა, მამუკა ტუსკაძემ.
"2020 წლიდან მოყოლებული ყველა არჩევნებში მივიღეთ მონაწილეობა, იმიტომ რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური მოძრაობა. გვინდა ჩვენი რეიტინგიც გავზომოთ, ჩვენც გავიზარდოთ, როგორც ამომრჩეველი იზრდება. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ შეიძლება 5-დან 7 პროცენტამდე, ან შეიძლება მეტიც მივიღოთ ამ არჩევნებში, რაც სტიმულს მოგცემს 2024 წლის არჩევნებისთვის," - განაცხადა მამუკა ტუსკაძემ.
გორსა და კასპში სულ 120 საარჩევნო უბანი და 134 ათასზე მეტი ამომრჩეველია. საარჩევნო ადმინისტრაცია კი ხმის მიცემის ელექტრონულ სისტემას უბნების უმრავლესობაში იყენებს. გორის და კასპის მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გორი-კასპის მაჟორიტარმა გიორგი ხოჯევანიშვილმა საპარლამენტო მანდატი ვადაზე ადრე დატოვა.