27 ივლისი 2024,   04:02
ვრცლად
ავტორებისთვის კუთვნილი ჰონორარების განაწილების, მათი უფლებების და ინტერესების დაცვისთვის ავტორ-შემსრულებელთა საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა

ავტორ-შემსრულებელთა საინიციატივო ჯგუფი განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია ავტორებისთვის ჰონორარების განაწილებაზე.

"საზოგადოებისათვის და ავტორ-შემსრულებლებისათვის ბოლო პერიოდში ცნობილი გახდა  საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სფეროში არსებული პრობლემების შესახებ, კერძოდ: ავტორებისათვის კუთვნილი ჰონორარების განაწილების და მათი უფლებების და ინტერესების დაცვაში არსებული ხარვეზების შესახებ.

მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, აუცილებლად მივიჩნიეთ ავტორ-შემსრულებელთა საინიციატივო ჯგუფის შექმნა, რომელშიც გაერთიანებულია დღეს მოქმედი ყველა კოლექტიური მართვის ორგანიზაციის წარმომადგენელი. საინიციატივო ჯგუფის მიზანი აკრედიტაციის პროცესზე დაკვირვება, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციებში არსებული საავტორო უფლებების დაცვის მექნიზმების, საქმიანობის გამჭვირვალობის გარანტიების და სხვა ისეთი საკითხების შესწავლა და შეფასებაა, რომელიც დაკავშირებულია საავტორო და მომიჯნავე უფლებებით სარგებლობასა და ამ უფლებების რეალიზებასთან.

როგორც ავტორ-შემსრულებელთა, ასევე საზოგადოების ფართო სპექტრისათვის 2023 წლის აპრილის თვეში  ა(ა)იპ  საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის - GCA-ის აუდიტორული შემოწმების შედეგად, ცნობილი გახდა, რომ საავტორო უფლებათა ასოციაციაში 2021-2022 წელს შემოსული ჰონორარების მნიშვნელოვანი ნაწილი არამიზნობრივად იქნა დახარჯული. კერძოდ,  ასოციაციის წევრებზე გაცემული ჰონორარები და ასოციაციის ადმინისტრაციული მართვისთვის გამოყოფილი თანხა ერთმანეთთან შედარებით არაპროპორციულია.

საინიციატივო ჯგუფის მიერ, ასევე შესწავლილ იქნა ა(ა)იპ საქართველოს უფლება მფლობელთა ასოციაცია - GERA და მათი საქმიანობის შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტაცია. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი, წესდებასთან დაკავშირებული რეკომენდაციის გაცემის თაობაზე, რაზეც უახლოეს მომავალში, წერილობით მივმართავთ  საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაციას და წარვუდგენთ ჩვენს რეკომენდაციას.

ამავდროულად, მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალი ორგანიზაცია საქართველოს მომიჯნავე უფლებათა ასოციაცია - GNRA დაფუძნდა, რომელსაც წესდებაში ცვლილებების შესატანად ორი კრება დასჭირდა, რომელზეც საბოლოო 9 ადამიანი გამოცხადდა. ამ ორგანიზაციის დაფუძნება ბუნებრივია უკავშირდება აკრედიტაციის მოპოვების მიზნებს.

საინიციატივო ჯგუფი აქტიურად აგრძელებს, საავტორო უფლებებთან დაკავშირებული პროცესის მეთვალყურეობას. 

საქართველოს ავტორთა საინიციატივო ჯგუფი 11 ნოემბერს იწვევს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელებს (ავტორ-შემსრულებლებს), რომლებიც მოწვეული, მაღალი კვალიფიკაციის მქონე იურიდიული გუნდის დახმარებით, დეტალურად მიიღებენ ინფორმაციას საქართველოში ამჟამად მოქმედი ქონებრივი უფლებების კოლექტიური მართვის ორგანიზაციებში არსებული მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული ინფორმაციის გაცნობა არსებითი მნიშვნელობისაა, პროცესის მიმდინარეობისა და ავტორთა ინფორმირების თვალსაზრისით, რადგან ეს ყოველივე პირდაპირ უკავშირდება საავტორო და მომიჯნავე უფლებათამფლობელთა ინტერესებისა და მათი უფლებების დაცვას. ასევე გამოკვლევისას მიღებული ინფორმაცია ხარვეზებსა და დარღვევების შესახებ გაეგზავნება საქ. პატენტსაც.

საინიციატივო ჯგუფის წევრები:

მიშა რამიშვილი

კახა ცაბაძე

დათო ევგენიძე

გია მაჭარაშვილი," - ნათქვამია განცხადებაში. 

 

 

დღის ამბები