15 ნოემბერი 2024,   22:16
ვრცლად
თანამშრომლობის ვის რა ფორმულა აქვს ბრიუსელის 9 რეკომენდაციის შესასრულებლად - შეძლებს თუ არა ოპოზიცია და პოზიცია ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ერთ მაგიდასთან მუშაობას

გახარიას გუნდი პარლამენტის თავმჯდომარეს ინიციატივით მიმართავს, ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად სამუშო ჯგუფები შეიქმნას. ამბობენ, რომ მზად არიან ასეთ ფორმატში უმრავლესობასთან ითანამშრომლონ. ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდებენ ოპოზიციონერ კოლეგებსაც.

მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის ყოველთვის მზად იყვნენ. უმრავლესობა იმ პერიოდსაც იხსენებს, როდესაც 12 რეკომენდაციის შესასრულებლად პარლამენტში სამუშაო ჯგუფები თავად შექმნეს, თუმცა ოპოზიციის ნაწილმა მასში მონაწილეობაზე უარი თქვა. ოპონენტებისგან კონსტრუქციულობის მოლოდინი არც ახლა აქვთ.

ჯგუფების შექმნის საკითხი დღის წესრიგში ჯერ არ დამდგარა, თუმცა ოპოზიციის ნაწილი ფორმატს ისევ იწუნებს. ამბობენ, რომ პროცესში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვებიან, თუ უმრავლესობა მათ ინიციატივებს გაიზიარებს.

ოპოზიციის ნაწილი თანამშრომლობაზე ისევ თანახმაა და კოლეგებს ურჩევს, ერთობლივ მუშაობაზე პარტნიორების მოწოდებები სერიოზულად მიიღონ. სამუშაო პროცესში ჩართვას აპირებს ხატია დეკანოიძეც, რომელიც თვლის, რომ ოპოზიციის ბოიკოტი შეცდომა იყო.

ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის მმართველი გუნდის კარი ღიაა, თუმცა განწყობა პესიმისტური. ქართულ ოცნებაში თვლიან, რომ ოპოზიცია ევროინტეგრაციის საბოტაჟს გააგრძელებს და 12 რეკომენდაციის მსგავსად ახალ პრიორიტეტებზე მუშაობაც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დამოუკიდებლად მოუწევთ.

პარტიების ინკლუზიური მუშაობა ევროკომისიის 9 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია. სწორედ ამ პუნქტის შესრულებაა დამოკიდებული მხარეების ერთობლივ თანამშრომლობაზე.

 

დღის ამბები