ჩაერთვება თუ არა ოპოზიცია ევროკომისიის 9 დათქმის შესრულების პროცესში?! მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიცია საბოტაჟის გზას არ გადაუხვევს და ქვეყნის ევროპულ მომავალზე წინ საკუთარ პარტიულ ინტერესებს დააყენებს.
თანამშრომლობისთვის მზად არის ოპოზიციის ნაწილი. ისინი მხარეებს კომპრომისისკენ მოუწოდებენ და აღნიშნავენ, რომ "ევროკავშირის გზაზე სიარული", ოპოზიციისა და ხელისუფლების ერთობლივი თანამშრომლობის გარეშე, შეუძლებელია. მეორე ნაწილი კი პროცესში ჩართვას მხოლოდ მაშინ აპირებს, თუ მმართველი გუნდი მათ მიერ შეთავაზებულ წინადადებებს განიხილავს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დავით მათიკაშვილის, განცხადებით, პროცესში ოპოზიციის ჩართულობის საკითხს სკეპტიკურად უყურებს, თუმცა სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა ყველა მათგანს აქვს.
"მუშაობისთვის კარი ღიაა - ვისაც სურს, აქამდეც შეეძლო და ახლაც შეუძლია, პოზიტიური როლი შეასრულოს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციაში, თუმცა მომეცით იმის უფლება, რომ ოპოზიციის ჩართულობას სკეპტიკურად შევხედო", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.