25 ნოემბერი 2026,   12:11
ვრცლად
საოკუპაციო ძალის აქტივობები დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული აგრესიული კამპანიის ფონზე ხორციელდებოდა - დავით არჩვაძემ პარლამენტში სუს-ის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშს ისმენს. სუს-ის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ წარადგინა. დავით არჩვაძემ გასული წლის განმავლობაში, ქვეყნის წინაშე არსებულ უსაფრთხოების ძირითად გამოწვევებზე ისაუბრა. კომიტეტზე მოსმენის შემდეგ, სუს-ის ანგარიშს დეპუტატები უკვე პლენარულ სხდომაზე მოისმენენ.

"2025 წელს საქართველოს სახელმწიფოს წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, რუსეთის პოლიტიკა ოკუპირებულ რეგიონებში არა მარტო პროცესების მართვას ისახავდა მიზნად, არამედ მოსახლეობის განწყობებსა და აღქმებში ანექსიისთვის ხელსაყრელ ნიადაგს ამზადებდა. 

საოკუპაციო ძალა აგრძელებდა ჰიბრიდული კომპონენტების, მათ შორის, ფინანსური და ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებას. გრძელდებოდა უკანონო დაკავებები და ეგრეთ წოდებული ბორდერიზაცია.

საოკუპაციო ძალის აქტივობები დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული აგრესიული კამპანიის ფონზე ხორციელდებოდა, რომელიც გამოიყენებოდა არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერებაზე ზემოქმედების მიზნით, არამედ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით იდენტიფიცირდა უკანონო დაკავების 34, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 40 შემთხვევა.

რაც შეეხება უკანონო ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის პროცესს, საანგარიშო პერიოდში ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით სამი, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 55 შემთხვევა დაფიქსირდა.

საანგარიშო პერიოდში ოკუპირებულ რეგიონებში უკანონო პატიმრობაში მყოფი 75 პირი გათავისუფლდა - 33 ცხინვალის რეგიონიდან და 42 აფხაზეთის რეგიონიდან", - აღნიშნა საანგარიშო წარდგენისას დავით არჩვაძემ. 

დღის ამბები