25 ნოემბერი 2026,   12:57
ვრცლად
2025 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში შესაბამისი დეპარტამენტების მიერ გამოძიება დაიწყო ჯამში სისხლის სამართლის 23 საქმეზე და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიეცა 13 პირი - დავით არჩვაძე

პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშს ისმენს. სუს-ის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ წარადგინა. დავით არჩვაძემ გასული წლის განმავლობაში, ქვეყნის წინაშე არსებულ უსაფრთხოების ძირითად გამოწვევებზე ისაუბრა. 

"საანგარიშო პერიოდში აღვკვეთეთ საქართველოში დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება, ჰექსოგენის შემოტანის მცდელობა. გარდა ამისა, შესაბამისი დეპარტამენტის თანამშრომლებმა გამოავლინეს სეპარატიზმისა და ნაციონალიზმის გაღვივების არაერთი მცდელობა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საანგარიშო პერიოდში გამოავლინა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების სადაზვერვო საქმიანობაში ჩართული პირები. ისინი საქართველოში ეწეოდნენ სხვადასხვა ოპერატიულ და აგენტურულ საქმიანობას.

2025 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში შესაბამისი დეპარტამენტების მიერ გამოძიება დაიწყო ჯამში სისხლის სამართლის 23 საქმეზე და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიეცა 13 პირი. ჩვენ მიერ გრძელდებოდა საქართველოში შემომსვლელ უცხოელთა ოპერატიული კონტროლი, რის შედეგადაც ვიზიტორთა შორის გამოვავლინეთ ისეთი პირები, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან ან წარმოადგენდნენ მაღალი რისკის კატეგორიას. ბირთვული ნივთიერებების უკანონო შეძენისა და გასაღების ფაქტებზე დაკავებულ იქნა უცხო ქვეყნის ოთხი და საქართველოს ერთი მოქალაქე.

ტერორისტული საფრთხეები საქართველოსთვის, ისევე როგორც სხვა ქვეყნებისთვის, გამოწვევას წარმოადგენს. თუმცა ტერორისტული ორგანიზაციის მხრიდან აქცენტი კეთდება ქვეყნის ტრანზიტად გამოყენების შესაძლებლობებზე და ისინი ჩვენს ქვეყანას უშუალოდ ტერორისტული თავდასხმების სამიზნედ არ მოიაზრებენ. 2025 წლის 13 ოქტომბერს აჭარის რეგიონში დავაკავეთ საქართველოს სამი მოქალაქე, რომელთაც კავშირი ჰქონდათ ტერორისტულ ორგანიზაციასთან ისლამური სახელმწიფო. ისინი გეგმავდნენ ქვეყანაში გარკვეული პლაცდარმის მოწყობას, მათი თანამოაზრეების ქვეყანაში შემოსაყვანად და საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტულად გამოყენების უზრუნველსაყოფად", - აღნიშნა დავით არჩვაძემ. 

დღის ამბები