სალომე ზურაბიშვილი ფრანგულ გამოცემა "ლემონდთან" ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს. ამ ინტერვიუში პრეზიდენტი ივანიშვილს პირველად მოიხსენიებს ოლიგარქად. ჟურნალისტმა ზურაბიშვილს ჰკითხა, როგორ ესმის ევროპული კომისიის რეკომენდაცია "დეოლიგარქიზაციაზე" და მიიჩნევს თუ არა ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად.
პრეზიდენტი პასუხობს, რომ ივანიშვილს აქვს დომინანტური გავლენა არსებულ მმართველებზე და დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის. ამავე ინტერვიუში, ზურაბიშვილი ამბობს, რომ ივანიშვილმა ქონება რუსეთში დააგროვა და სჯერა, რომ რუსეთი დაუმარცხებელია.
პრეზიდენტის განცხადებებს ეხმაურება მმართველი გუნდი - "ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ "ზურაბიშვილი არასრულწლოვანია და მის ქმედებებზე პასუხს ვერ აგებს".
"პრეზიდენტის ფუნქციები, ზურაბიშვილის ხელში არის როგორც ბავშვის ხელში ასანთი და მან აანთო პირველი ასანთი, ჩვენ კი გვევალება ის, რომ ყოველი ასეთი ცეცხლი ჩავაქროთ და ავუხსნათ საზოგადოებას შინ თუ გარეთ, რომ ზურაბიშვილი არასრულწლოვანია და მის ქმედებებზე პასუხს ვერ აგებს. ის განცხადებები, რომ ხან სი ძინპინს იჭერს, ხან ივანიშვილი ელანდება ოლიგარქად, მისი სიზმრების ნაყოფია და მეტი არაფერი. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ სანამ ასანთი იქნება ზურაბიშვილის ხელში, ასე ხელჩაკიდებულებმა ვდიოთ და ჩავაქროთ, სანამ ცეცხლს გააჩენს ეს არასრულწლოვანი.
რასაც ეუბნებიან მისი პატრონები იმას აკეთებს, იმას კი ვერ ხვდება, რომ არაადეკვატურია მისი განცხადებები.
საზოგადოება ხედავს რა არის ბიძინა ივანიშვილის დამსახურება ამ ქვეყნისთვის და ზურაბიშვილის მიერ გადადგმული მოღალეტეობრივი ნაბიჯები რა არის ქვეყნის წინაშე," - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი გურამ მაჭარაშვილი.