"საქართველოს გზა ევროკავშირისკენ" - ევროკომისიის 9 დათქმაზე თბილისში კონფერენცია გრძელდება. პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი უკვე მესამედ იმართება. კონფერენციის მონაწილეებს გააცნეს დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც უკვე გამოქვეყნდა. ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან აცილების სამოქმედო გეგმა 7 მიმართულებას მოიცავს. მათ შორისაა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ფულის გათეთრების წინააღმდეგ პოლიტიკის შემდგომი გაძლიერება და პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი.
კონფერენციასთან დაკავშირებით ოპოზიციაში შეფასებები კეთდება ოპოზიციურ სპექტრში. დათქმებზე განსხვავებული მოსაზრებაა ხელისუფლების ოპონენტებში. "ლელოს" წევრის, ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, ხელისუფლებას არ აქვს ნება, რომ ევროკავშირის ახალი დათქმები განახორციელოს.
"კონფერენციაზე ხელისუფლების მიდგომა არის ის, რომ ისინი არ აღიარებენ არსებულ პრობლემებს და არანაირი პოლიტიკური ნება არ ფიქსირდება მათი მხრიდან, რომ განხორციელდეს ის რეფორმები, რომლებიც არის ევროკავშირის ახლა უკვე 9 პუნქტში," - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
რაც შეეხება ერთ-ერთ პუნქტს - დეოლიგარქიზაციას, "გირჩში" მიიჩნევენ, რომ ქვეყნის პრობლემა არა დეოლიგარქიზაცია, არამედ, მათი შეფასებით, ერთპიროვნული მმართველობაა.
"მიმაჩნია, რომ დეოლიგარქიზაცია არ არის ჩვენი ქვეყნის პრობლემა და ამაზე უამრავჯერ მითქვამს, რომ ერთპიროვნული მმართველობაა ჩვენი ქვეყნის პრობლემა. ჩვენ უნდა ვოცნებობდეთ, რომ ოლიგარქია იყოს ამ ქვეყანაში და არ არის ეს ოლიგარქიზაცია და ვიგონებთ რაღაცას," - აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.