27 ივლისი 2024,   03:28
ვრცლად
21 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ ექიმს, აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაო შეეფარდა

21 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულს - რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს, ქეთევან ცერცვაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, 12 000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა.

საქმის პროკურორის, გიორგი ნადირაძის განცხადებით, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ცერცვაძემ პაციენტის მიმართ გულგრილობა გამოიჩინა.

"სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა, რასაც ბრალდების მხარე ითხოვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოდგენილი გვქონდა შესაბამისი არგუმენტაცია იმ საფრთხეების შესახებ, რაც მოცემულ შემთხვევაში არსებობდა. რაც შეეხება დამატებითი ღონისძიების სახით აკრძალვასთან დაკავშირებით, ბრალდების მხარე გაეცნობა დასაბუთების ნაწილს და შემდგომ მიიღებს გადაწყვეტილებას აღნიშნულის გასაჩივრებასთან დაკავშირებით.

ბრალდების მხარემ ჩაატარა სრულყოფილი გამოძიება. ყველა ის გარემოება, რაზეც ბრალდებულმა ისაუბრა, გამოძიების მიერ შესწავლილია. მიუხედავად აღნიშნულისა, მის მიმართ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა გულგრილობა. ყველა ის საკითხი, რაზეც მან ისაუბრა, გამოძიების მიერ დეტალურად იყო შესწავლილი და ყველა კითხვაზე პასუხი უშუალოდ სისხლის სამართლის საქმის მასალებშია და მტკიცებულებები არსებობს“, - განაცხადა გიორგი ნადირაძემ.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაზარალებული, კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის დიაგნოზით, საუნივერსიტეტო კლინიკაში 2021 წლის 11 აგვისტოს მოათავსეს, სადაც სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობა უტარდებოდა.

"აღნიშნული კლინიკის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელმა ქეთევან ცერცვაძემ, რომლის ინფორმირებითა და უშუალო ჩართულობით მკურნალობის პროცესი მიმდინარეობდა, პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მართვის შესაბამისი პროტოკოლი არ გაითვალისწინა და პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელი კვლევის ჩატარების გარეშე დაენიშნა.

პროტოკოლის დარღვევების ფონზე ჩატარებული მკურნალობა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი გახდა, რის გამოც იგი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.

საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში, გამოძიება გრძელდება", - აღნიშნულია პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები