"ნაციონალურ მოძრაობაში" ნიკა მელიას გუნდი პარტიის მოქმედი თავმჯდომარის გადაწყვეტილებას სამარცხვინოს და შეურაცხმყოფელს უწოდებს. ამასთან, მელიას მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ხაბეიშვილი დაკავებული თანამდებობიდან უნდა წავიდეს.
"ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო, შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი აქტი, რაც ყველა ადამიანს და ვინც საქართველოში პოლიტიკით არის დაკავებული, განსაკუთრებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა თუ მხარდამჭერებს, მიუღია.
ადამიანი, ვინც ამხელა სირცხვილი მოუტანა საკუთარ პარტიას, ქართულ პოლიტიკურ ველს, უნდა წავიდეს. როდესაც მე ვამბობ, რომ ის უნდა წავიდეს, მე არ მივმართავ მას, მე მივმართავ, რომელთაც ის მოიყვანეს... ლევან ხაბეიშვილს არავინ არ ეკითხება დატოვებს თუ არა თანამდებობას, არც არავინ ჰკითხა, ისე გახდა თავმჯდომარე," - აცხადებს ენმ-ს წევრი, ნიკა მელიას ფრთის წარმომადგენელი გიორგი იმედაშვილი.
ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, "ფორმულას" პირდაპირ ეთერში ხელი მოაწერა ფურცელზე, სადაც ეწერა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის და განაცხადა, რომ მელია არ წარმოადგენს "ნაციონალურ მოძრაობას".
გარდა ამისა, დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობამ" განცხადება გაავრცელა, სადაც პარტიის ყოფილ თავმჯდომარე, ნიკა მელიასთან დაკავშირებულ საკითხზეა საუბარი. როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შედის გადამწყვეტ წინასაარჩევნო რეჟიმში, ნიკა მელია კი არ წარმოადგენს პარტია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას," ამიტომ პარტია არ აპირებს ამ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას.