15 ნოემბერი 2024,   21:20
ვრცლად
უნდა ჰქონდეს თუ არა მოქალაქეს შესაძლებლობა, საკუთარი სხეული სიკვდილის შემდეგ განკარგოს - ინიციატივა კრემაციის შესახებ

"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებას, კრემაციის სერვისის დარეგულირებას ითხოვს. განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე ამბობს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატის მოთხოვნა საეკლესიო დოგმებს ეწინააღმდეგება.

თავად ინიციატივის ავტორი კი, არჩევანის თავისუფლებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, განკარგოს სხეული სიკვდილის შემდეგ.

სამნიძის ინიციატივა მხარდაჭერას, სავარაუდოდ, ვერც ოპოზიციაში მოიპოვებს - მმართველი გუნდის გარდა, პოლიტიკური პარტიების ნაწილიც ფიქრობს, რომ კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილების საჭიროება დღის წესრიგში არ დგას.

ოპოზიციონერი დეპუტატის ინიციატივა შინაარსობრივად მიუღებელია "ქართული ოცნებისთვის". სახელისუფლებო გუნდის წევრები აცხადებენ, რომ ხათუნა სამნიძე, პროვოკაციული გზით, პოლიტიკური რეიტინგის გაზრდას ცდილობს.

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებით, უნდა გაიწეროს ნეშტის დაკრძალვისა და მასთან დაკავშირებული საქმიანობების ლიცენზიის წესები და პირობები. გასულ კვირას, საკითხი დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, თუმცა კენჭისყრა, დამატებითი კონსულტაციების გამართვის მიზნით, გადაიდო.

დღის ამბები