ზუგდიდი, ხობი, ჭიათურა, ქუთაისი, ამბროლაური, კასპი - ლევან ხაბეიშვილის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნას "ნაციონალური მოძრაობის" რაინული ორგანიზაციები უერთდებიან.
გავრცელებულ განცხადებებში წერია, რომ დღეს, პარტიაში მძიმე კრიზისია, რომლის გადალახვასაც შეუძლებელს ხდის მოქმედი თავმჯდომარის რიტორიკა, ქმედებები და ერთობის ნების არარსებობა.
იმისთვის, რომ ერთობა შესაძლებელი გახდეს, ლევან ხაბეიშვილმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მისი მართვის შედეგებზე, გადადგეს და ფართო და წარმომადგენლობითმა ყრილობამ პოლიტიკური საბჭო აირჩიოს.
ბრალდებებს არ ეთანხმებიან ხაბეიშვილის თანაგუნდელები. ორად გაყოფილ "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილი, ნიკა მელიას მომხრეებს მოუწოდებს, პარტიის წინააღმდეგ "აღვირახსნილი კამპანია" შეწყვიტონ.
"ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობს ნიკა მელიას საარჩევნო შტაბისა და მათი ცალკეული წარმომადგენლების ორკესტრირებული კამპანია, რომელსაც არანაირი შედეგი არ ექნება. ყველამ კარგად იცოდეს, არჩევნები აუცილებლად ჩატარდება "ნაციონალურ მოძრაობაში", ოღონდ, არჩევნები ჩატარდება წესდებით გათვალისწინებულ ვადაში, ერთი წლის შემდეგ, 2025 წლის პირველ იანვარს. მოვუწოდებ ნიკა მელიას, დამარცხებული თავმჯდომარის კანდიდატობის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებს, შეწყვიტონ მსგავსი აღვირახსნილი კამპანია "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, გიორგი კაპანაძის განცხადებით, ხაბეიშვილის გადაყენების შესახებ მოთხოვნის გაჟღერება არასერიოზული და უსაფუძვლოა.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ჰყავს მაღალი ლეგიტიმაციით, პირველივე ტურში არჩეული თავმჯდომარე. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ჰყავს ლეგიტიმური პოლიტიკური საბჭო და სამდივნო. სწორედ ასეთად მიიჩნევს და ახასიათებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინსტიტუციებს პრეზიდენტი სააკაშვილი. ამიტომ, ასეთი არასერიოზული და უსაფუძვლო მოთხოვნის გაჟღერება, პირდაპირ გეტყვით, წარმოადგენს პრეზიდენტ სააკაშვილის პოზიციებთან დაპირისპირებას. ამიტომ, კარგი იქნებოდა, იმ ადამიანებს, ვინც ითხოვს, მათ შორის, თავმჯდომარის გადადგომას, ჰქონოდათ წინასწარი კონსულტაციები. პრეზიდენტ სააკაშვილის მკვეთრი და ცხადი პოზიციაა, რომ ის მხარს უჭერს ლევან ხაბეიშვილს, პოლიტიკურ საბჭოსა და სამდივნოს. ყველა ეს ინსტიტუცია არის ლეგიტიმური. ლევან ხაბეიშვილმა პირველივე ტურში მაღალი ლეგიტიმაციით გაიმარჯვა”, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ალიკა კუპრავას თქმით, ახლა უმთავრესი მიზანი არსებული ხელისუფლების "ჩამოშორება" უნდა იყოს.
"ახლა არის ერთიანობის დრო, ახლა არ არის პარტიული ყანყალის დრო. მე ვრჩები პარტიაში და ინდივიდუალურად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს პარტია გაძლიერდეს და სწორება იყოს აღებული 2024 წელს ბიძინა ივანიშვილის, რუსი ოლიგარქის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაზე. ახლა ყველანაირი პარტიული დაპირისპირება აზიანებს მთავარ მიზანს - საქართველოს გათავისუფლებას რუსული ოლიგარქიული რეჟიმისაგან. არ მქონია შესაძლებლობა, არც ამ ბრიფინგამდე და არც ბრიფინგის შემდეგ, მესაუბრა გიორგი მუმლაძესთან, ჩემს უახლოეს მეგობართან. ერთხელ უკვე დავდექი ჩემს მეგობრებთან ერთად საჭიროების წინაშე, რომ მომეთხოვა პარტიაში ცვლილებები, ახლა ვთვლი, რომ არის ერთად დგომის დრო და არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს ხელახალი არჩევნების ჩატარება პარტიაში", - განაცხადა ალიკა კუპრავამ.