27 ივლისი 2024,   03:46
ვრცლად
აქტიურად ვმუშაობთ, რათა საქართველომ მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, შემდეგ ფაზაში გადავიდეთ და გაიხსნას მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე - ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროპული პერსპექტივა მიიღო, აქტიური მუშაობა გრძელდება იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და უკვე შემდეგ ფაზაში გადავიდეს - გაიხსნას მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავარი მიზანია ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა და ამ მიზნით გადადგმული იქნება კონკრეტული ნაბიჯები.

"არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენთვის ევროპული დღის წესრიგი არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩვენს საგარეო პოლიტიკაში. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა, აქტიურად ვმუშაობთ, რათა საქართველომ შეძლოს და მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, უკვე შემდეგ ფაზაში გადავიდეთ და გაიხსნას მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე. ჩვენთვის ყოველდღიური მუშაობის საგანია, რომ გავაგრძელოთ და უფრო მეტი იმპულსი შევძინოთ ჩვენს რეფორმების დღის წესრიგს. სწორად აღნიშნა ბატონმა ევროკავშირის ელჩმა, ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ბრიუსელთან, რათა ის განხორციელებული რეფორმები, ერთი მხრივ, გაგრძელდეს და მეორე მხრივ, ახალი ინიციატივებით შევძლოთ და დავაახლოოთ ჩვენი ქვეყანა როგორც ინსტიტუციურად, ისე სამართლებრივად ევროპულ ოჯახთან, რადგან ეს არის მთავარი ხაზი ჩვენი მთავარი მიზნის, ეს არის საბოლოო, სრულფასოვანი წევრობა ევროპული ოჯახის, ევროკავშირის და ჩვენ ამ მიმართულებით გვექნება კონკრეტული ნაბიჯები," - განაცხადა დარჩიაშვილმა.

მისი თქმით, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, მოლოდინი ოპტიმისტურია.

"ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რადგანაც ამ ოპტიმიზმს მხარს უმაგრებს ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები, ჩვენი ძალისხმევა, ჩვენი ფოკუსი ქვეყნის ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის შენარჩუნებაზე ჩვენი ფოკუსი და დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისად იქნება აღქმული, შეფასებული ჩვენი პარტნიორების მხრიდან ჩვენი ძალისხმევა. რაც ყველაზე მთავარია, გუშინ დამტკიცდა ორი მთავარი დოკუმენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის შესაბამისი ხელმძღვანელობით გამართული კომისიების ფარგლებში. ერთი - ეს იყო დეოლიგარქიზაციის კანონის სამოქმედო გეგმა, რომელიც ძალიან ფართოა და ყოვლისმომცველი და მომავალში გასატარებელ ძალიან ბევრ რეფორმას მოიცავს, მათი ნაწილი განხორციელდა, ნაწილი მომავალში გაგრძელდება; ასევე, 8 ნოემბრის ევროკომისიის შესაბამისი რეკომენდაციებით, ჩვენ შევქმენით სამოქმედო გეგმა მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება, მოახდინოს რეაგირება და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა ჩვენს ქვეყანაში განხორციელდეს რეფორმები და ჩვენი სვლა ევროპული ოჯახის სრულფასოვანო წევრობისკენ იყოს ხელშესახები და შედეგზე ორიენტირებული," - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

დღის ამბები