21 დეკემბერი 2024,   21:03
ვრცლად
კანდიდატის სტატუსი საქართველოს  - "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ სახელისუფლებო გუნდის მუშაობის შედეგი, დადებით რეკომენდაციით ევროკომისიამ უკვე აღიარა

14-15 დეკემბერს საქართველო ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდება. მანამდე ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან, სადაც "გაფართოების შესახებ საბჭოს დასკვნების" პროექტს განიხილავენ. ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ხელისუფლება პარტნიორებთან აქტიურ და უშუალო კომუნიკაციაშია.

რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა ევროკომისიას უკვე გადაეგზავნა. მმართველმა გუნდმა მუშაობა უკვე დაიწყო. ოპოზიციის ნაწილი პროცესში მონაწილეობაზე ისევ უარს ამბობს, თუმცა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ მათი კოლეგების გადაწყვეტილება არასწორია.

უმრავლესობა ოპონენტებს ურჩევს, რომ თუ რეკომენდაციების შესრულებაში მონაწილეობა არ სურთ, პროცესს მაინც ნუ შეუშლიან ხელს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მათ სამოქმედო გეგმაზე დამოუკიდებლად მუშაობის წარმატებული გამოცდილება უკვე აქვთ.

ევროპული საბჭოს სხდომამდე 2 კვირა რჩება, საბჭოს განსახილველი პროექტი კი ერთ-ერთ მედიაში უკვე გასაჯაროვდა. "რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, საბჭო განსაკუთრებით გამოყოფს და მიესალმება საქართველოში კარგ საკანონმდებლო ჩარჩოს, ინსტიტუციურ მოწყობას, აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას, სამეთვალყურეო ორგანიზაციების ჩათვლით. აღნიშნავს საერთო პროგრესს საჯარო მმართველობის რეფორმის, სახელმწიფო შესყიდვებისა და ეკონომიკური რეფორმების მხრივ. დოკუმენტში ევროპული საბჭო ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდებს, გამოავლინოს კონსტრუქციული თანამშრომლობა და "თავი შეიკავოს ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა, შეაფერხოს ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება".

ოპოზიცია ამ მოწოდების ადრესატად საკუთარ თავს არ მიიჩნევს.

მმართველი გუნდი ევროპული საბჭოს დადებით გადაწყვეტილებაში დარწმუნებულია. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მათი მუშაობის შედეგი დადებით რეკომენდაციით ევროკომისიამაც უკვე აღიარა.

9 რეკომენდაციის შესრულების სამოქმედო გეგმაში, რომელიც ევროინტეგრაციის უწყებათაშორისმა კომისიამ დაამტკიცა, განსაზღვრულია რეფორმების თანამიმდევრობა, გაწერილია ვადებიც და პასუხისმგებელი უწყებებიც.

დღის ამბები