მმართველ გუნდში ”ნაციონალურ მოძრაობას” არსებულ შიდა დაპირისპირებას აფასებენ. "ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ ის, რაც ახლა ოპოზიციურ ძალაში ხდება, წინასაარჩევნოდ, პოლიტიკურ სპექტრს მხოლოდ გააჯანსაღებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ენმ ქვეყნის დესტაბილიზაციას ემსახურება.
"ხაბეიშვილიზმი ჩამოყალიბდა, რომელსაც კეზერაშვილის ფინანსური მხარდაჭერა აქვს. ამ ვითარებაში, ვერ შემოდის ვერც დამატებითი იდეა და ვერც - სიახლეები. თუმცა, ეს არ არის პრობლემა, ეს არის ის თემა, რომელზეც თავადვე საუბრობენ. ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო ინტელექტუალურად მაღალია, მაგრამ რისთვის? - ქვეყნის დესტაბილიზაციისა და დაშლისთვის," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურად დასრულებულია.
"ეს არის, პრაქტიკულად, დაშლილი და ბოროტი ძალა. ენმ-ს შეფასება არის ეს - ახლა იქ მიმდინარეობს პროცესები, რომელიც იურიდიულად გააფორმებს ამ ჩამოქცეულ და ბოროტ ძალას. ეს ყველაფერი ამის მანიშნებელია და ხელისგულზე დევს ეს ყველაფერი. მათ პოლიტიკურ კუბოზე ბოლო ლურსმნის დამჭედებლად ხაბეიშვილი მიიყვანეს და მან ეს ძალიან კარგად შეასრულა," - აცხადებს ღუდუშაური.