06 ივლისი 2024,   01:25
ვრცლად
ნარკოდამოკიდებულება - სენი, რომლის განკურნებაც შესაძლებელია

ნარკოდამოკიდებულება - სენი, რომელიც იკურნება. გამოუვალი მდგომარეობა, რომ არ არსებობს, ამაში ჩვენი რეპორტაჟის გმირები დაგარწმუნებენ. მთავარია სურვილი - დაუბრუნდე რეალურ ცხოვრებას. არ არსებობს ნარკოტიკის გამოყენების უსაფრთხო გზა - ყოველი ნარკოტიკის მიღებას თან ახლავს ძალიან დიდი რისკი.

ცდა, პირველი და მთავარი ნაბიჯია წარმატებისკენ. ეს არის გზა, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას, დაუბრუნდე რეალურ ცხოვრებას და უარი თქვა იმ სიბნელეზე, რომელშიც ბევრი ახალგაზრდა სამუდამოდ რჩება. თემო ქაჯაიას შემთხვევაში, მიზანი ამართლებს საშუალებას. ცდას რთულად, თუმცა შედეგი მაინც მოჰყვა.

ახალ ცხოვრებაში გაიღვიძა, როგორც თავად ამბობს ძილის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ. თავადაც და სამყაროც დღეს მისთვის სხვანაირია. მძიმე წარსულით. დღეს ფხიზელია, ამ სიტყვის სრული გაგებით. ახლა კი, თავად ცდილობს იყოს მაგალითი და ადამიანებს, მსგავსი პრობლემებით, თავად დაეხმაროს. ამიტომაც საუბრობს ნარკოტიკზე, რომელიც იმაზე უფრო საშიშია ვიდრე ახალგაზრდებს წარმოუდგენიათ და ბევრად უფრო სახიფათო, როცა მისი დოზები უკონტროლოა.

სიკვდილ-სიცოცხლესთან ბრძოლა 25 წლის ლევან ჩუბინიძესაც არაერთხელ მოუწია. ასაკით არც თუ ისე დიდია, თუმცა ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ გამარჯვებას უკვე მიაღწია. ყველაზე დიდ განსაცდელს თავი დააღწია და დღეს იმაზე ბედნიერია, ვიდრე ეს ოდესმე წარმოედგინა.

წამლისგან გამქრალ ადამიანებზე ჰყვება, რომლებიც დროდადრო მას ხელიდან ეცლებოდნენ. ის კი, ვერაფერს შველოდა, თავადაც დაავადებული. ბოლო ასეთი ტრაგედიიდან წელიწადიც არ გასულა. დაკარგა კიდევ ერთი მეგობარი.

ზუსტად ორი წლისა და შვიდი თვის წინ გაანალიზა, რომ საშიში ნივთიერებებისადმი დამოკიდებულების მსხვერპლი იყო. აქედან იწყება საკუთარ თავზე მუშაობა. გზა საკმაოდ გრძელი და რთული აღმოჩნდა. თუმცა შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. დღეს დახმარებას სხვებს უწევს

ნარკოდამოკიდებულთა სტატისტიკა საგანგაშოა. ეს ყველაზე კარგად იმ ექიმებმა იციან, ვისაც დამოკიდებულების მქონე ადამიანებთან ყოველდღიური შეხება აქვთ. მომხმარებლების ასაკის დაწევასთან ერთად, ნარკოდამოკიდებულებში ყოველდღიურად მატულობს მდედრობითი სქესი.

დღეს, სპეციალისტების დახმარებით დაავადებასთან ბრძოლა და მძიმე ნივთიერებებზე უარის თქმა ბევრად უფრო მარტივია. ქვეყანაში ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობის არაერთი პროგრამა არსებობს.

სტაციონარულ დეტოქსიკაცია და პირველად რეაბილიტაცია ოპიოიდების, სტიმულატორების და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების, მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების დროს, სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება.

"კურიერიP.S-მა" არაერთი უთქმელი ისტორია მოისმინა, იმ ადამიანების, რომლებიც ჩვენ გარშემო დადიან. ყველა მათგანისთვის სათქმელი საზოგადოებასთან ერთია, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს და ყოველთვის რჩება დრო.

დღის ამბები