16 ნოემბერი 2024,   00:46
ვრცლად
პოპულისტური განცხადებაა, ჰგონია, რომ საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანს - კახა კალაძე გახარიას განცხადების შესახებ

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ გაკეთებული განცხადება პოლიტიკურ სპექტრში განხილვის თემა გახდა.

პარტია "ხალხის ძალის" წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, გახარიამ უნდა გაიხსენოს, რომელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო როდის იტყუებოდა, მაშინ, როდესაც ამბობდა, რომ ქვეყანაში კორუფცია არ არსებობდა, თუ ახლა, როდესაც ამბობს, რომ რამდენიმე ოჯახი ითვისებს სახელმწიფოდან თანხებს.

"უნდა ვკითხოთ გახარიას როდის იტყუებოდა? სამი წლის წინ პარლამენტში, როდესაც ამბობდა, "რა კორუფცია რის კორუფცია ხალხოო", თუ ახლა იტყუება, როცა ამბობს, რომ ეს სად ვყოფილვარ პრემიერ-მინისტრი, თურმე კორუფცია ყოფილაო. გარდა ამისა, მისი ერთ-ერთი თანაგუნდელის სიტყვებით, რომ ვთქვათ, ისინი ამ ყველაფერს გაასაჯაროებენ, მაშინ თუკი დაინახავენ, რომ წინასაარჩევნოდ იქნება ეს ფული გამოყენებული, მაშინ გამოდის, რომ როცა გახარია პრემიერი იყო, კორუფცია რომ იყო და არ იყენებდნენ საარჩევნოდ ესე იგი ირგებდნენ გახარიასთან ერთად, სხვა ლოგიკა არ არსებობს, ამიტომ, ასე არეულ-დარეულ საუბარს ჯობს, გაიხსენოს რომელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო და თუ პრემიერმინისტრი იყო და ყველა მას ემორჩილებოდა და ყველა უწყება, რომელსაც კორუფცია უნდა გამოევლინა, პასუხისმგებლობა როგორი ჰქონდა, თუ როგორც ცნობილ ქართულ ფილმშია - ალყაში თუ ვიყავით, რატომ არაფერს მეუბნებოდითო, პრემიერ-მინისტრი იყო და მისთვის ხომ უნდა გაემხილათ, რომ კორუფცია იყო ქვეყანაში", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მმართველი გუნდის წევრის რატი იონათამიშვილის განცხადებით, გიორგი გახარია არათანმიმდევრულია.

"არიან ადამიანები, რომელთაც ამ ქვეყანაში კარგი არაფერი არ უხარიათ, არც უსაფრთხოება, არც ეკონომიკის განვითარება, არც საქართველოს ევროინტეგრაცია. გახარია არის ისეთი ოდიოზური ფიგურა, რომელსაც პოლიტიკური საქმიანობის არანაირი შანსი არ აქვს, რამე რეიტინგი ჰქონდეს მას საზოგადოებაში, ვინაიდან მან დაიწყო თავიდან, როდესაც მოღალატეობრივი ნაბიჯი გადადგა და იმის მერე იმდენად არაადეკვატურ და არათანმიმდევრულ განცხადებებს აკეთებს, რომ უფრო მეტად დაეცა მისი რეიტინგი მოსახლეობაში და ასე გააგრძელოს და 2024 წლამდე 25 ოჯახიც არ დარჩება ვინც მას მხარს არ დაუჭერს", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით გიორგი გახარიას ამ პოპულისტური განცხადებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სურდა.

"სასაცილოა ეს განცხადებები, როგორ შეიძლება ამას სერიოზულად უპასუხოს ადამიანმა. პოპულისტური განცხადებაა, ჰგონია, რომ საზოგადოებას ამით შეცდომაში შეიყვანს, მოატყუებს. ეს ადამიანები, რეალურად, წარსულში არიან ჩარჩენილები და ვერ ხვდებიან, რომ ქართველები არიან გონიერები. ასეთი პოპულისტური განცხადებებით ვერავინ შეიყვანს საზოგადოებას შეცდომაში", - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, საუბარია ყოფილი პრემიერის მიერ რამდენიმე დღის წინ, მოსახლეობასთან შეხვედრაზე გაკეთებულ განცხადებაზე. მან თქვა, რომ, ეკონომიკური ზრდით, ქვეყნისთვის მიღებული სარგებელი 20-25 ოჯახის ჯიბეში მიდის.

დღის ამბები