16 ნოემბერი 2024,   00:48
ვრცლად
მაკა ბოჭორიშვილი ოპოზიციას - გაიგეთ, რომ უფსკრულში, რომლისკენაც თქვენ მიისწრაფვით, ამ ქვეყანას ვერ გამოგაყოლებთ

„საქართველო არის იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მოლოდინში, რომლის საფუძველზეც შემდგომი ნაბიჯი უნდა გადავდგათ ევროკავშირში წევრობის გზაზე. გასული წლის ივნისიდან დღემდე, მრავალი ბრძოლის გადატანა მოგვიწია იმ ადამიანებს, რომლებიც ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით, ვდგავართ საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე", - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, აქტიური დეზინფორმაციული კამპანიის კვალდაკვალ, ხელისუფლებას, ბრიუსელსა თუ ევროპის სხვა დედაქალაქებში, კარდაკარ უწევდა სიმართლის მიტანა.

„ფაქტობრივად საბოტაჟის ფონზე მოგვიწია ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება და კიდევ ერთხელ ჩვენება, რომ ჩვენ შეგვიძლია დავძლიოთ ნებისმიერი წინააღმდეგობა და გადავლახოთ სირთულეები, თუკი ეს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი შვილების უკეთეს მომავალს შეეხება", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, როგორც არ უნდა ეცადონ დღეს ქვეყნის ოპოზიციაში ჩამდგარმა ძალებმა ხელისუფლების ძალისხმევის განიავება, ერთი რამ ფაქტია: ეს არის ევროკავშირთან ასოცირების პროცესში თითქმის ათწლიანი შრომის, საქართველოს ხელისუფლების მიერ ქვეყნის ტრანსფორმაციისთვის გაწეული ძალისხმევის შედეგი.

„ეს ყველაფერი ვერ იქნებოდა, რომ არა ქართველი ხალხის სიბრძნე, ნება და მხარდაჭერა, რომელიც ზურგს გვიმაგრებს ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმისას. გადაწყვეტილება, რომელსაც ასე ელოდება სრულიად საქართველო, არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად ევროკავშირისთვის. გაფართოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ევროკავშირის ლიდერების პასუხისმგებლობაა თავად ევროპის მომავლის წინაშე. რამდენადაც მნიშვნელოვანია საკითხი, იმდენად რთულია მის გარშემო ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება და არც ახლა მიმდინარეობს ეს პროცესი მარტივად. იმედია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები კვირის ბოლოს შეძლებენ კონსენსუსის მიღწევას ევროკავშირის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით იმგვარად, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დროში აღარ გაიწელება და მოგვეცემა შესაძლებლობა ჩვენი ძალისხმევა უკვე, როგორც კანდიდატმა ქვეყანამ მივმართოთ შემდგომი ეტაპების გასავლელად“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა და ოპოზიციას მიმართა, რომ არასწორ მხარეს დგანან და უფსკრულში მიისწრაფვიან.

„თქვენ საქართველოს დააკარგვინეთ დრო და მიაყენეთ ძალიან მძიმე რეპუტაციული ზიანი, რომელსაც ანაზღაურება სჭირდება, ანაზღაურებას - ფასის გადახდა და თქვენ ამ ფასს აუცილებლად გადაიხდით. ჩვენი სამშობლო არ არის არც ,,მაჩანჩალა”, როგორც თქვენ მას წარმოაჩენთ, არც "შავი ხვრელი", როგორც თქვენ უწოდებთ და არც ქართველი ხალხია მხდალი და უჭკუო, როგორც თქვენ მიგაჩნიათ. დღეს აქ რომ ვართ, ქართულ ენაზე ვსაუბრობთ და ჩვენი წინაპრების ნანატრ გადაწყვეტილებას ველით ევროპისგან, დღეს, ბრიუსელში ქართული კულტურის ზეიმი რომ არის, რომელიც იმას აჩვენებს, რომ ევროპა აქ იწყება, ეს არც უჭკუო და მხდალი ერის ისტორიული მონაპოვარია და არც ჩანჩალით მიღწეული შედეგი. ეს არის ბრძოლა, რომელზეც თქვენ თქვით უარი, არასწორ მხარეს დადექით და საკუთარ სამშობლოს მტრად ექეცით. ბევრის მოლოდინი ვერ გვექნება იმ ადამიანებისგან, ვინც ამაყობთ სხვისი ინტერესების დაცვით საკუთარი სამშობლოს ინტერესების ხარჯზე, მაგრამ ის მაინც გაიგეთ, რომ უფსკრულში საითაც თქვენ მიისწრაფვით, ამ ქვეყანას ვერ გამოგაყოლებთ", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები